პოლიეთილენის ჯვრისწერა


როცა პირველად დაგინახე,
ქვის სავარცხელი მთელი ძალით ჩამოვისვი.
უსწორმასწოროდ, მაგრამ მაინც დაცალკევდა ერთმანეთისგან  ორი მდინარე;
ოქროს თევზები ჩამომცვივდა
და წყლით სავსე გახეთქილი ბუშტებივით  დაეწება 
ხორკლიანი კიბის  საფეხურებს;
ერთ-ერთზე ფეხი აგისრიალდა,
შემომხედე და იმწამიდან
მკერდთან დასმული  წითელი დაღი
ნიკაპთან ამოსულ ბავშვობის იარის
 ცვილისფერი ნაფეხურისკენ  მიიზლაზნება–
თან ერთი სული აქვს, სამუდამოდ  შეეწებოს,
თან ფიქრობს, შეძლებს თუ ვერა,
გამოუვა თუ ვერა მასთან  თანაცხოვრება.
სულ მენატრები და ყოველ ჯერზე თითო ნეკნს ვიცლი,
მზეზე  ვაშრობ,
მერე ფილთაქვაში ვნაყავ,
ბოლოს ყავის საფქვავში ვფქვავ,
ნაყენს ვიმზადებ
 და სულმოუთქმელად ვსვამ –
იქნებ, ერთხელაც, მოგაფიქრდეს 
 და სამუდამოდ ამოშრე ჩემგან, 
ან სამუდამოდ დარჩე. . .
ძალიან გამიჭირდა. . .
გულსაც უჭირს ჩირქისა და ჭაობის  გემოს ხანგრძლივად სუნთქვა.
აქვე ხარ - პარაფინის შადრევნის მეორე მხარეს, 
საწოლის კიდესთან და მეშინია –
ისე თუ  მოხდა,  კიდევ ერთხელ ვერ შეგიგრძენი,
ჩემს სხეულზე ფეხი  აგიცდება და ჭერს  შეასკდები.
ჩემი ჩალისფერი თმები ჯერ კიდევ სხვადასხვა ფერის ორი მდინარეა,
მე კი ჯერ კიდევ მათ შესართავთან  ვდგავარ და გელოდები. . .
ვიცი, რომ მოხვალ. . .
ან აღარ მოხვალ...
მერე რა მოხდა. . .
რა მნიშვნელობა აქვს, მოხვალ თუ არა . . .
მთავარია, რომ არსებობ...
მეც  ვარსებობ...
და, იქნებ, ოდესღაც სისხლიდან თითო–თითოდ ამოვკენკოთ 
პოლიეთილენის  ნარჩენები,
ტკივილისა და ეჭვის ნარჩენები...
მერე გადავადნოთ და გიგანტური ჯვრისწერის სანთლები დავამზადებინოთ;
დარჩენილი მასისგან ბეჭდები გამოვძერწოთ...
თუ რამე გადარჩა, სხვებსაც ვუწილადოთ... 
ჩვენი სიყვარულიც ვუწილადოთ - იქნებ, როგორ  სჭირდებათ.
იქნებ, შევძლოთ ერთმანეთის გადარჩენა,
იქნებ, ღმერთმა კიდევ ერთხელ გადმოგვხედოს,
იქნებ, კიდევ ერთხელ  გავმთლიანდეთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი