კანადური ნაძვი
"რადგან როდესაც ვამბობ "თოვლი"- მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს..." თამაზ ბაძაღუა ამბავი, რომლის მოყოლაც მინდა, ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მჯერა, რომ მალე მოხდება, ან მინდა, მოხდეს, ზუსტად ისე, როგორც ამბები, ჯერ რომ მოვყევი და მერე მოხდა... ვხედავ: მაგნიტის კაბა მაცვია და ვერ ვიხსენებ, როდის ვიყიდე, არადა, ჩემი ყველა კაბა მახსოვს და მიყვარს. ჩვენი კაბების დავიწყება ხომ საყვარელი კაცის დავიწყებასავით რთულია, მაგრამ ამ კაბას ვერ ვიხსენებ - რა ვქნა, არ მახსოვს. . . ალბათ, ჩემი არ უნდა იყოს. . . მივდივარ... ვიკრავ ასფალტების და სახლების მტვერსა და ტალახს და მეშინია, ერთჯერადი პარკებივით არ მომეწებოს დაღლილ სხეულზე საფლავებიდან გამოქცეული მკვდრების გვამებიც, მაგრამ არ იკრავს ჩემი კაბა არავის სიკვდილს, მას უნდა, მხოლოდ ჩემს სიკვდილთან მიმაქანოს და სამუდამოდ მიმამაგროს მის რკინის ზურგზე - მაცივრის კარზე მიმაგრებული სუვენირივით. ბორკილებს მადებს და თვალახვეულს დიდ ხანს არ მტოვებს არც ერთ მგზავრთან, გზად რომ მხვდებიან. . . არიან, განა არ არიან ამ გზაზე "სხვები", მაგრამ დიდ ხანს არავისთან აღარ ვჩერდებით, შეჩვევა, ნდობა და სიყვარული რომ გამოვრიცხოთ. მინდოდა, განა არ მინდოდა შემომეხერხერხა, ნაგვის მანქანას ნაგავსაყრელზე წაეღო და იქ დაემარხა. . . გამვლელებსაც ვეკითხებოდი, ხომ არ იცოდნენ, სად იყო ხერხი - მათ არ იცოდნენ, ან იცოდნენ და არ მიმხელდნენ . . . მერე თოვლი წამოვიდა ზაფხულის ციდან და ამოქოლა ხორკლიანი შავი ფორები ჩემს ზედაპირზე. სიკვდილის მიზიდულობის უნარდაკარგული მხოლოდ თოვლისფერ კაბას ვხედავდი, სიკვდილი კი - ჩემი მეორე ნახევარი - სულ რომ მელოდა, სულ რომ ველოდი, მაშინვე ჩაქრა ლამპიონივით - მზის ამოსვლისას მზის ჩასვლამდე რომ ხუჭავს თვალებს. ზურგი მაქცია, ის ბავშვებიც ამოახველა, სულ რომ ვაჩენდი და ვერც ერთხელ ვერ გავაჩინე და სათითაოდ დამიბრუნა ფანტელებივით, გახელილ თვალებს რომ მივსებდნენ თბილი შხეფებით. მე კი გავჩერდი... და იმ წამიდან ყველას ვხედავდი, ვინც მიყვარდა - ვისაც ვუყვარდი, აქვე ყოფილან, ჩემთან სულ ახლოს, იმაზე ბევრად ახლოს მდგარან, ვიდრე ველოდი... და ახლა ყველას ერთად გვათოვს და ერთად გვცივა... და ვემსგავსებით კანადურ ნაძვებს - გადათოვლილი სახეებით და თეთრი თმებით, ჩვენს გარშემო კი ნაძვების ტყეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი