ჰორორის ალიტერაცია


ფოლიანტივით ფურცლავ ჩემი ფიქრის ნაფლეთებს, 
საფეთქლებთან პირდაფჩენილ,  
სიფრიფანა სიზმრების ფორიაქს მიფრიალებ, 
თავს ფერფლით, ფქვილით და ნაფტალინით მიხუფავ, 
გულს ფანქრით ისე მიჩხრეკ, 
როგორც პატარა ბავშვი ჩხრეკს ხოლმე 
სამსახურიდან ახლადდაბრუნებული დედის ჩანთას... 
ჩემზე მეტად შენ გაფრთხობს იმაზე ფიქრი, 
რამე ისეთს არ გადააწყდე, 
ჩემს საფრთხობელა ანფასზე რომ დაგაფიქრებს. 
შენ არც კი იცი, როგორი ვარ - 
როცა ერთად ვართ, გულს ყოველთვის თვალები ასწრებენ 
და სუდარასავით აფარებენ  ქუთუთოებს  სარკისფერ სხეულს - 
ჩემში ვეღარასდროს რომ ვერ ჩაიხედო. 
შევრიგდებოდით, აბა, როგორ ვერ შევრიგდებოდით?! 
გეყვარებოდი, აბა, როგორ არ გეყვარებოდი?! 
მაპატიებდი, აბა, როგორ ვერ მაპატიებდი?! - 
შენ ხომ არც იცი, როგორი ვარ, 
რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ შენსა და ჩემზე; 
მას შემდეგ, რაც ერთად ყოფნა მოვიფიქრეთ, 
ჩემს დატოტილ, ქორბუდა სურვილებს  ძირშივე ვიმტვრევ, 
გზები რომ არ გამოისხას 
და სხეულზე შემოტმასნილი ჭაობის ლაბირინთიდან გამოღწევა ვერასდროს შევძლო. 
რეტდასხმული სიკვდილის მინოტავრი შესასვლელთან წევს - 
ყველაფერს ღეჭავს,  რაც კი ჩემში შენამდე და შენ მერე იყო, 
ან შეიძლებოდა, ოდესმე ან ოდესღაც ყოფილიყო. 
უნდა მიხაროდეს, მე რომ მე  ამირჩიე?!. 
მაშინ რატომ მიდუღს სული, 
რატომ ცდილობს, სხეული ხელეჩოთი  შუაზე გამიხლიჩოს,
მერე დამსკდარი კაპილარები ამომაცალოს, 
ერთმანეთზე გადაადნოს,  ჩვენს სიყვარულს ყელზე შეაბას, 
ძლიერად მოუჭიროს,  ოსტატურად მოახრჩოს 
და სამუდამოდ გამოაღწიოს მემ  შენიდან -
როგორც სახურავჩაშლილი სასახლიდან. 
იქნებ, მერე მაინც გავბედო და გითხრა: 
- ნუ ფურცლავ ჩემი ფიქრების ნაფლეთებს, 
ის ფოლიანტი არ არის, 
ნუ ფურცლავ, ძალიან დავიღალე!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი