ოპტიკური ილუზია
კაცმა, იმაზე მეტად რომ მიყვარდა, ვიდრე შემეძლო, ლავაქვით ამოქოლილი ტბები გაახილა, წამწამები და ქუთუთოები ააშრიალა და სწორ, პრიალა ზედაპირზე მთელი სხეულით ამირეკლა; თვალსა და თვალს შუა რომ გავეჩხირე, იძულებული გახდა, ჩემი სადაურობა ეკითხა. ვუპაუხე: - თანდაყოლილი მხედველობის დეფექტი გაქვს. . . ამიტომ მთელი ეს დრო ვერ აღმიქვამდი, არადა თავით შენს ნაპირებს ვეხეთქებოდი. . . - იქნებ, მართლა ბრმა ვარ, როგორც მითხარი, ყრუც ხომ არა ვარ? ნაბიჯების ხმას მაინც ხომ გავიგონებდი? – მიპასუხა და და მთხოვა, მეამბა რაიმე მასზე, მის ცხოვრებაზე - ის მომეყოლა, რასაც ვხედავდი, როგორადაც დამამახსოვრდა მისი ამბები. . . და მოვუყევი ყველაფერი, რაც კი ვიცოდი, მან კი მითხრა, რომ ის ამბები, რომლებსაც ვყვები, არ არსებობენ, რომ მე შევთხზე, ან არასწორად დამინახავს, რასაც ვხედავდი. . . და როცა ვკითხე: - აბა, ის ცხვრები, ლავაქვის ტბაში ყოველ ღამე რომ აძოვებდი? ან ფურირმები, კარადებად გადაცმული ხეებიდან კაბებს რომ ძოვდნენ, ან ის ქალი, შენს დანახვაზე ორივე თვალში მკვდარი თევზები რომ უცოცხლდებოდა?. . . და მიპასუხა: - არაფერი არ იცი ჩემზე, სულ არაფერი. . . ტყუილად მდგარხარ იმ ნაპირზე, სადაც იდექი. . . - და შენ გინდოდა, დამენახე? - ვკითხე და მითხრა: - ისე მინდოდა, იმ ამბებიდან, რასაც ყვებოდი, ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო სიმართლე ან გამონაგონი, სიმართლეს რომ ოდნავ მაინც მომაგონებდა... და თუკი მართლა იქ იდექი, სადაც შენ ამბობ და უყურებდი ჩემს ცხოვრებას, ვერაფერი რატომ ვერ ნახე ჩემზე ან ჩემში?! .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი