მკვდარი თევზების აპოკალიფსი
ყოველ დღე მოდიხარ და თვალებიდან თითო თევზს მაცლი, თავს მოაკვნეტ და მკვდარ სხეულებს ისევ ფართოდ დახუჭულ თვალებში მიყრი, მერე ხელებს კარგად იბან, თევზის სუნმა სადმე რომ არ გაჟონოს და ბრალი არ დაგდონ ჩემს სიკვდილში. რამდენი ხანია, გაყინული სისხლით და ფარფლების ქაფით იბერება ჩემი თვალების წყალამომშრალი, გაბზარული აკვარიუმი, რამდენი ხანია, მათში არავის ჩაუხედავს, რამდენი ხანია, არავის ახსოვს, რომ აღარა ვარ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა მიხვდი, რომ არ გყოფნიდა შენი ცხოვრება და ჩემი ამბის შენს ამბავში გადასხმა სცადე და ჩვენი გზების ერთმანეთზე გადაბმა სცადე და ჩემი სულის სხეულიდან ამოთხრა სცადე და შენი სულის ჩემს სხეულში დამარხვა სცადე. . . - სულ ერთნაირი ამბებია, სულ ერთნაირი სტუმრებია, სულ ერთნაირი ტკივილია. . . გაზის და დენის განულებულ ქვითრებს კედლებზე ვაკრავ და ვხვდები, რომ გადასახადების გარდა არაფრისგან შევდგები. გამოვიძახებ იმ გოგოს სულს, თითებს რომ იმტვრევს, როცა ვინმე უყვირის და ყველაფერზე ეტირება, იმაზეც კი, რაც არ ყოფილა - თქვი და მოვედი; წარსულიდან ამოვალაგე ჩემი ამბები შენ კი მისმენდი და გხიბლავდა, რასაც ვყვებოდი. . . შენც მომავლიდან ამოალაგე შენი ამბები და მომიყევი და მეც მხიბლავდა, რასაც ყვებოდი და უცებ მივხვდით, რომ ერთმანეთი ისევე გვაკლდა, როგორც მარილი უგემურ სადილს და ასე დავრჩი შენს ამბავში და ასე დარჩი ჩემს ამბავში და ასე დავრჩით ერთმანეთში და მეგონა, რომ დიდ ხანს გასტანდა ეს დარჩენა თუ გადარჩენა, მაგრამ შენ მიხვდი, რომ სხვა ამბებიც შეიძლება შენად აქციო, ამბები, მე რომ აღარა მაქვს, სხვას კი ექნება... მე შენი ამბის უფერული პერსონაჟი ვარ, მე შენი ამბის გარდაცვლილი პერსონაჟი ვარ, მე შენი ამბის უამბებო პერსონაჟი ვარ და გეზარება გამაგრძელო, ან მომისმინო, წაშაშლელად კი ვერ მიმეტებ და ყოველ დილით თვალებიდან თითო თევზს მაცლი... არ მრავლებიან ჩემი თევზები - მარტო მკვდარი თევზები მრავლდებიან და მოქცევისთვის უხმაუროდ ემზადებიან - ერთხელაც, მკვდარი თვალებიდან გადმოხეთქავენ და სამუდამოდ ჩაგმარხავენ გაყინული სხეულების უსულო ზღვაში და შენც მოკვდები და ეს იქნება მკვდარი თევზების შურისძიება და ჩემს გარდა არავის არ ეტკინება შენი სხეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი