ამბავი ოთხზე
N. 1 მითხრეს, მოკვდაო . . . ახალი ამბავი მატლივით მომედო მთელ სხეულზე, საკუთარ თავს ხელები წელზე შემოვხვიე - ვცდილობდი, გვერდში დგომით თუ თანადგომით მაინც გადამერჩინა. - არ დამთავრებულა ამით ყველაფერი - ყურებში ჩავყვირე და მისი გაყინული ხელების გათბობას შევეცადე; - დიდი ხანია, ყველაფერი დამთავრდა - ამოიხვნეშა, თან სხეულიდან ტკივილების ჩამოფერთხვას შეეცადა. . . მიყვარდა ჩვენი ერთად ყოფნა - სხვასთან ყოფნა არ ვიცოდი, როგორი იყო. უნიჭო, პედანტი მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ხელში წითელი კალამი მჭეროდა და ჩვენი ამბის გასწორება დამვალებოდა, ყველა სიტყვას, ყველა სურვილს, ერთადყოფნას თუ დაშორებას გადავხაზავდი, ზემოდან კი ჩემს ბევრად ნამდვილ, ბევრად ცოცხალ ისტორიას გადავაწერდი. არ ხდება ასე... მე რომ ასეთი არ ვყოფილიყავი, მე რომ სხვანაირი ვყოფილიყავი, იქნებოდა კი სხვანაირი ჩვენი ცხოვრება? - რა დროს ამაზე ფიქრი იყო, მაგრამ მაინც სულ ამაზე მეფიქრებოდა. ისიც ვიცოდი, რომ ყოველ დღე თითო გრამი აკლდებოდა ჩემს ერთ დროს ლამაზ, სუფთა, დიდ და ძლიერ სიყვარულს. ხშირად ვფიქრობდი: არ აჯილდოვებს დედამიწა თავისუფლებით ცოცხლების სულებს - ჩვენ ცოცხლები ვართ, ამიტომაც არ გაგვიმართლა; მერე ის მოკვდა, მე კი გადავრჩი - ეს კი უკვე სულ გზა და ისტორიაა და ოდნავაც არ უხდება იმაზე ფიქრი, ერთმანეთის შხამიან ეკლებს სულებით რომ მილიონჯერ გამოვდებივართ და ერთმანეთის ტკივილები გადაგვდებია. და მახსენდება ჩვენი დღეების მომწარო სიტკბო - ჭრელი საბნის თავზე თბილად გადაფარება, ფრთხილად გადასვლა ერთმანეთში - როგორც საშრობზე გათხაპნილი მელნის კვალის ოდნავ ფერმკრთალი გამეორება. . . კარგად ვიცოდი, იქ იქნებოდნენ, აუცილებლად დამინახავდნენ და იქნებ, რამე ეკითხათ კიდეც ჩემზე ან ჩვენზე, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მქონდა სათქმელი... ალბათ, მარტო ის, რომ მათზე მეტად მე მიყვარდა, თუმცა სიმართლე არავინ იცის - და, ალბათ, მათაც ასე ეგონათ, მაგრამ რა ვიცი, მათ რა ეგონათ - ამაზე ხომ არასდროს არ გვისაუბრია?. . დაკრძალვაზე კი, თითქოს, ჯინაზე, სამივემ ერთად დავაგვიანეთ - მაშინ მივედით, როცა უკვე მიწას აყრიდნენ... N.2 ისე მიყვარდა ის თეატრი, სადაც ვმღეროდი ცნობილ მიუზიკლში იმაზე, თუ როგორ მიყვარდა კაცი, რომელიც ერთხელაც კი ვერ დავინახე. . . ამ შენობაში ყველა სცენა , ყველა კედელი ჩემს ფერმკრთალ სახეს ირეკლავდა და ასხივებდა, ყველა აფიშა მხოლოდ ჩემზე ყვებოდა ამბებს, და ვანათებდი - მიხაროდა, რომ ყველაფერი გამომდიოდა . . . სიყვარულისაც, თავიდან, თითქოს, უფრო მჯეროდა - ზუსტად ვიცოდი, რომ არსებობდა, ისევე, როგორც ჭაობის კალა - ყოველ საღამოს რომ მელოდა, საგრიმიოროს დალუქულ კართან გადაწოლილი... ჯერ ვანათებდი, მერე კი ჩავქრი - გადაიწვა ჩემი ცხოვრება - სხვებისთვის ასე სანატრელი - ჩინიანი და მაინც უჩინო, უსიყვარულო, უსიცოცხლო და მარტოსული. ახლა კი ვდგავარ და ვუყურებ როგორ მარხავენ კაცს, რომლისთვისაც დიდი ხნის წინ ვარსკვავებს ვწყვეტდი, ცხვირწინ ვუწყობდი და ვითხოვდი მხოლოდ დანახვას, მან კი ვერც ერთხელ ვერ დაინახა, ან, შეიძლება, დაინახა, მაგრამ რატომღაც, არც ერთხელ არ შეუმჩნევია. და იმის ნაცვლად, ვიფიქრო, რომ ის აღარ არის, ვფიქრობ იმაზე, ასე როგორ დამაგვიანდა, და სიყვარული ასე როგორ გადავიყვარე, და ვინც მიყვარდა, ასე როგორ გადავიყვარე და მას მერე ვეღარავინ ვერ შევიყვარე; ვდგავარ, ვუყურებ როგორ მარხავენ და მეტირება იმაზე, რომ უკვე დავმთავრდი იმაზე ბევრად ადრე დავმთავრდი, ვიდრე შემეძლო, ან მეგონა, რომ დავმთავრდებოდი. . . და მრცხვენია, წარმოიდგინეთ, მარტო მრცხვენია - სხვას არაფერს ვგრძნობ, მარტო დიდ სირცხვილს იმის გამო, რომ დაკრძალვაზე უსირცხვილოდ დავაგვიანე.. . N. 1 დიდ ხანს ვუყურე მათ სიყვარულს - თითქოს, შორიდან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოს ვხედავდი ამბავს, სადაც არასდროს არ ყოფილა ჩემთვის ადგილი მე კი მინდოდა და ვცდილობდი, რომ მის ამბავში, თუ მის ტკივილში, თუ მის ფიქრებში, თუ მის სიზმრებში თუ მის სხეულთან თუ მის სულთან იმაზე ბევრად უფრო ახლოს ვყოფილიყავი, ვიდრე შემეძლო. . . თუმცა სურვილი, როგორც ვიცით, არაფერს ნიშნავს და ასეთ გრძნობას - უადგილოს, უმისამართოს მარტო ის მოაქვს, რომ ყოველ ჯერზე იბადები და იქვე კვდები... მეც ბევრჯერ მოვკვდი და მაშინ, როცა ამდენჯერ მკვდარი უყურებ სიკვდილს, თან მასთან ერთად, ვინც ასე გძულდა, ხვდები: არ არის ძალიან რთული და არც ადვილი. . . და თუ ოდესმე ისევ შევხვდებით და მოვუყვები, როგორ მიყვარდა, ის არც მომისმენს - მას ხომ არასდროს არაფერში არ დასჭირდება, არც არაფერში გამოადგება ეს სიყვარული. . . N.2 მე შემიძლია სიყვარული იმგვარად დავდგა, ეჭვი ვერავინ შეიტანოს მის სიცრუეში და სცენის მსგავსად ცხოვრებაშიც გავითამაშო ჩემი გრძნობები, სურვილები და ოცნებები, რეალურად კი ჩემი ცხოვრება ფუტკრებივით რომ თავს ეხვეოდა მის გზებს და ფიქრებს და მის გარდა რომ არავის არ ეკარებოდა, ნელ-ნელა ჩაქრა. . . ახლა კი ვდგავარ და ვუყურებ, როგორ მარხავენ და ვგრძნობ, რომ სული თაფლის ნაცვლად შხამით მევსება. დანარჩენებიც აქ არიან - ჩემსავით დუმან, ალბათ, ფიქრობენ, რომ ოდესმე დაგვიბრუნდება . . . ნეტა, პირველი ვინ გაიხედავს მის დაძახილზე, ნეტა, პირველად მისკენ რომელი შემობრუნდება?. . N.3 მე ის მიყვარდა - სხვა არაფერი არ მაქვს სათქმელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი