დეკონსტრუქცია
17.07.2017 პატარა სკვერი, ღამე, სიბნელე, ხვატი, მტვრის ბორგვა... ხის სკამზე ლღვება ჩემი სხეული, როგორც ყინული - მინის ბოთლში გამომწყვდეული, ახდილი თავი ქაფის ბუშტუკებს აფრქვევს და ფანტავს, ერთ სივრცეს ვტკეპნი, ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავ... ხავსი ედებათ უცნაურ სიზმრებს, ყოველ ჯერზე რომ შენ გხედავდნენ, უფრო სწორად, მარტო შენ გცნობდნენ და შენ გარდა ვერავის ვერ იმახსოვრებდნენ... რაც შენ წახვედი, ავალაგე ჩემი სხეული, დავანაწევრე და ზურგჩანთაში ჩაგილაგე, ზუსტად ისე, როგორც ნივთები - მათ გარეშე რომ არ გინდოდა არსად წასვლა, მითუმეტეს, შენს შორეულ მარტოობაში და უთავბოლო, უსასრულო მგზავრობებში... ჩემი თმა შენი ჯაგრისია, თითები - რკინის სავარცხლები, თვალები - სარკე და როცა მასში ჩაიხედავ, მე დამინახავ. სხვაგან არსად ვარ, არსად დავრჩი - ჯერ დავიშალე, გავიფანტე, მერე ჰაერში გავუჩინარდი, ცამ შემისრუტა, როგორც წვიმა... ხელის გულები ქოლგებია - ასე რომ გძულდა, მაგრამ მაინც სულ თან დაგქონდა და ახლა, როცა ლონდონის წვიმა ჯიუტად ცდილობს შეაღწიოს შენს მშვიდ ფიქრებსა და სურვილებში, თავზე მიხურავ, მე კი ვცდილობ, მთელი ძალით ავისხლიტო ყოველი წვეთი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადავყლაპო, როგორც ტკივილი - შენი წასვლით გამოწვეული. - მალე მოვალ, - მეუბნები, თან თვალს ადევნებ, როგორ ვცდილობ, ჩაგიღვარო ზურგჩანთაში ჩემი ღიმილი - გამოიყენებ, როგორც ნიღაბს, როცა ვინმეს გულის მოგება გაგიჭირდება; მე გასწავლე ასე ღიმილი, უფრო სწორად, მისი მორგება... დაგიკეცე და ჩაგილაგე სხეულის სითბო, მარტო შენი შეხებისას რომ მოდიოდა, მერე მტოვებდა, სწორედ მისმა თბილმა ბალანმა გაგაძლებინა უცხო ქვეყნის უჩვეულო, მღრღნელ სიცივეში... - ეს რაღად მინდა? - მკითხე მაშინ ოდნავ შემკრთალმა და უჩვეულოდ გაკვირვებულმა, მე კი გითხარი: - იქ ხომ ცივა? . . - ვიყიდი რამეს - მიპასუხე, ამოალაგე იმ გზებთან ერთად, შენთან რომ ფიქრით მიმაჯაჭვა და თან მითხარი: - აღარ არის ამის ადგილი... მე კი ჩუმად ისევ ჩაგიდე... გადავაწყვე ჩემი თავი შენს ზურგჩანთაში და აგკიდე, როგორც კუზი მდინარით და ტალახით სავსე, გამომხედე, გამიღიმე, გაგიღიმე და წახვედი... მერე არ ვიცი, რა როგორ იყო, როდის რა მოხდა... რაც შენ წახვედი, დემენცია შემომიჩნდა და შენს გარდა არავინ მახსოვს - საკუთარი სხეულიც კი გადამავიწყდა. კიდევ მახსოვს ეს თარიღი - 17.07.2017 - ღამე, სკვერი, ხის გრძელი სკამი და სურვილი, რომ ჩემი თავი შენს სხეულში გადამეწყო, იქ შემენახა... და ფიქრები: - იქნებ, რამეში გამოადგეს, იქნებ, უშველოს, იქნებ, როგორღაც ამოუვსოს მარტოობა ჩემმა იქ ყოფნამ, იქნებ, როგორღაც დავეხმარო ჩემი სიკვდილით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი