დაკარგული ლექსის ძიებაში
სამი დღეა, ვეძებ ლექსს, რომელიც სამთვიანი პაუზის მერე ძლივს დავწერე და რომელიც ასე იწყებოდა: “მინდა, სახლი, რომელშიც ცხოვრობ, წნელის ღობით შემოგისაზღვრო”. . . მერე არ მახსოვს... შემთხვევით წამეშალა და ვეღარ აღდგა, მას მერე სულ ვიხსენებ, როგორი იყო, რაზე იყო, ან რას ვამბობდი შესა და ჩემზე... შენზეც და ჩემზეც მანამდეც ბევრჯერ დამიწერია, წაშლილ ლექსზე კი არასოდეს - ეს პირველია და მგონია, რომ უკანასკნელიც. უცნაურია წაშლილ ლექსზე ლექსის დაწერა - სისულელია, მაგრამ მაინც ვწერ, იმ იმედით, რომ. იქნებ, ტკივილი ოდნავ განელდეს - მისი პოვნის სურვილმა კი ცოტათი მაინც გადამიაროს. ასი წელია, არაფერი აღარ მტკენია: ასი წელია, ომის მიმართაც გულგრილი გავხდი... და ამის ფონზე ისე მიკვირს, გამალებით რომ დავეძებ ნაწერს, რომელიც მალე, ალბათ, ოდნავაც ვერ მოერგება ჩემს ცხოვრებას, ფიქრებს და განცდებს. . . მახსოვს, იმ ლექსში ასე ვწერდი: “მინდა მჯეროდეს, რომ ყველა კაკუნი და ხმაური ჩემს რკინის კარებზე შენ ხარ, მინდა, ჩვენი მაჯები ცისარტყელით ერთმანეთზე გადავნასკვო და ვიყოთ ერთად, სანამ შევძლებთ, სანამ გავუძლებთ”... იშვიათად ვწერ ასეთ ლექსებს - არაცნობიერი ფსიქიკიდან ამოზრდილს, - ყველანაირ ლოგიკასა და სათქმელს მოკლებულს, კონსტრუქციულს. . . აი, ისეთს, სიტყვები რომ გეწვევიან, შენ კი კარს უღებ, ადგილს უთმობ შენს სივრცეში, მერე კი გიკვირს: აქ როგორ გაჩნდა? - ეკითხები საკუთარ წარსულს; იშვიათად მახსენდება შენზე ფიქრის დროს ცისარტყელაც და სიყვარულიც, აი, მაშინ კი გამახსენდა... ახლაც ვცდილობ, შენზე დაწერას და მარტო ისღა მაგონდება, როგორ არ გიყვარს დაბრაწული პომიდვრის გემო ცხელ სადილში და უცხო ხალხთან ურთიერთობა. და გერიდება აღიარო, რომ ეჭვიანობ, თან გგონია, რომ სხვაში გაგცვლი... თუმცა რაღა დროს ჩვენი სხვებთან წასვლებია - საამისოდ ხომ უკვე ძალიან გავიზარდეთ, გამოვბრძმედეთ ერთმანეთი და კარგად ვიცით, აღარავის აღარ ვჭირდებით ჩვენი ტრავმებით, კომპლექსებით, მარტოობით, ფრთებდაცხრილული, ტალახიანი, ბლანტი წარსულით, ნალურსმნევი რომ დაგვიტოვა ჩამქრალ თვალებში... ჩვენ აღარავის აღარ ვჭირდებით, შენ კი დგახარ და ეჭვიანობ... მეც მიხარია, რომ გგონია, შენ გარდა კიდევ შეიძლება ვინმეს მოვწონდე... იმ ლექსში კიდევ იცი, რა იყო? - ვეღარ ვიხსენებ... აღდგენის შანსიც არ არსებობს, როგორც ამიხსნეს. იმ ლექსში მოვკვდით ისეთები, იქ რომ ვიყავით; იმ ლექსში ვწერდი, რომ ისედაც მჯერა ზღაპრების, რომლებიც შევთხზე შენსა და ჩემზე, რომ მთავარია, შენ დაიჯერო, არ დაგეზაროს... კიდევ ვამბობდი, რომ საჩეჩელით დავჩეჩავ ღრუბლებს და თითისტარზე დავართავ ძაფებს, რომელიც შენგან გამოსვლაში დამეხმარება... ახლა მგონია, იმ ლექსს ჰქონდა მოხალული ყავის მარცვლების და ნაძვის ძირში ამოზრდილი იის სურნელი. მგონი, იმ ლექსში მართლა მიყვარდი... ალბათ, ამიტომ დამენანა მისი დაკარგვა, ალბათ, ამიტომ არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე სადმე ვიპოვი, ან სრულყოფილად გავიხსენებ დაკარგულ სიტყვებს, სიყვარული კი მკვდრეთით აღდგება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი