ჩემი პირველი შეყვარებული


წუხელ ჩემი პირველი შეყვარებული დამესიზმრა: 
ის ისევ ის იყო,  მაგრამ მე მე აღარ ვიყავი... 
დიდი ვიყავი  და ყოველი გაღიმებისას თვალებიდან 
ნაოჭები მიძვრებოდა  და სახეში ეხეთქებოდა ჩემი ბავშვობის შეყვარებულს, 
ის კი ამბობდა: 
- დაჭერობანა ვითამაშოთ, 
- და გავრბოდი იატაკზე ნახერხდათესილ  კორიდორში თავდავიწყებით, 
თან ვფიქრობდი: 
- რაღა დროს ჩემი დაჭერობანა,  ან დამალობანაა, 
რაღა დროს ჩემი კიბეებზე სირბილია... 
ის მომდევდა და ცდილობდა, თმაში მწვდომოდა, 
მაგრამ თევზივით ვუსხლტებოდი, თან ვფიქრობდი: 
- რაღა დროს ჩემი დაჭერობანაა, მაგრამ მაინც უნდა გავიქცე... 
ნავთით გაჟღენთილ ნახერხიდან ჯუჯა ხეები იჩეკებოდნენ, 
წამში შრიალა,  ხშირფოთლოვანი ხეების სამოსს გადაიცვამდნენ
და ჩემ თვალწინ გადაშლილი  ტყის  მასივი  თავის სიღრმეში მიმაქანებდა... 
გავრბოდი და სარეცხ მანქანაში შეყრილი  ჩემი შვილის ტანსაცმელზე მეფიქრებოდა.
- აქედან თუ გავაღწიე, უნდა გავფინო - გულში რიტმულად ვიმეორებდი... 
- აქედან უნდა გავაღწიო - ხმამაღლა ვმოთქვამდი  და გავრბოდი... 
უკან ის პატარა ბიჭი მომდევდა, 
მე-6 კლასში რომ ვუთხარი,  მიყვარხარ-მეთქი. 
- თუ გიყვარვარ, უნდა მაკოცო და მაშინვე ჩემი ნამდვილი შეყვარებული გახდებიო, 
კოცნის გარეშე არ ითვლებაო...
მაშინ ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდოდა, 
მისი "ნამდვილი" შეყვარებული გავმხდარიყავი, 
მივედი და ზედა ტუჩზე ფრთხილად ვაკოცე... 
მერე ის ბიჭი სხვა სკოლაში გადაიყვანეს... 
ოღონდ მაშინვე არ მომკვდარა: 
ჯერ გერმანიაში წავიდა სასწავლებლად,  მერე დაბრუნდა. . . 
როცა მოკვდა,  უკვე არ იყო ჩემი შეყვარებული, 
უკვე დიდი იყო, 
ალბათ, ჩემზე ბევრად  სწრაფადაც გაიზარდა, 
ბევრად მეტი მოგონება, სიხარული, ტკივილი და გამოცდილება,
 გამბედაობა და წარმატება დააგროვა  და ამის გამო მისი  მშურდა...
მერე მოკვდა... 
მე კი ავდექი  და ყველაფერში უსირცხვილოდ გადავასწარი... 
ახლა, როცა სიზმარში ვარ,  ჩემ უკან ის პატარა ბიჭი მორბის, 
25 წლის წინ მოკუმული ტუჩებით  ზედა ტუჩზე რომ ვაკოცე, 
მერე კი ყველას სათითაოდ მოვუყევი -  თითქოს, ამით დიდი გმირობა ჩავიდინე...
ახლა კი ისე მინდა ვუთხრა, რომ კარგადა ვარ, 
ჩემი ძლივსგაჩენილი შვილი გამოვუფინო და ვუთხრა: 
- შეხედე, როგორი საოცრება მყავს... 
მერე თვალწინ ჩემი გზები ავუფრიალო: 
- ნახე, რამდენი გავიარე, ნახე, რამდენი რამ შევძელი, 
კარგად შეხედე, რამე არ გამოგრჩეს,  რამეს არ გადაახტე, 
ყველაფერი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, - ვუთხრა 
და როცა ჩემს ამბებში კარგად  გაიხლართება, 
გავეპარო და ჩემს ცხოვრებაში გამომეღვიძოს... 
მაგრამ მრცხვენია ჩემი გზების  და იმისიც, რომ დედა გავხდი, 
(ბავშვობაში ზუსტად ასე მრცხვენოდა ხოლმე  ჩემი ახალი ფეხსაცმლების, 
როცა ვხედავდი, რომ სხვისი ძველი,  პირდაფჩენილი და ფერწასული - 
ხარბად ღეჭავდა თოვლსა და წვიმას).
ის ხომ მკვდარია, - გულში ვფიქრობ...
- ისე მოკვდა, ვერაფერიც ვერ მოასწრო, 
მე კი ჯერ ისევ შემიძლია თვალის გახელა, 
ფეხზე  თასმებივით  შემოხვეული  წარსულის ფესვის ერთიანად ამოძირკვა 
და აწმყოში გამოღვიძება 
და მერე რა, რომ ჩემი ცხოვრება სულაც არაა იმისთანა,  როგორიც მსურდა. . . 
ისე მიყვარდა მასთან დაჭერობანას თამაში... ისე მიყვარდა, როცა მიჭერდა...
- იქნებ, არ ღირდეს გავიღვიძო, - ვფიქრობ  და უცებ ჩემს ამბავში მეღვიძება. 
რა დროს ძილია, სამსახურში უნდა წავიდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი