სიყვარული და მაცივარი
როცა იცლება ჩვენი სახლი სიყვარულისგან, პარალელურად ჩვენც ვიცვლებით: ამ დროს სიცოცხლე ძუაზე ასხმულ იაფფასიან მძივივით წყდება და ძირს ვიბნევით შაქარივით, ბრინჯივით ან ხსნად ყავასავით, იატაკზე მიმოფანტულნი, ტერფებზე ვეკვრით ერთმანეთის უმწიფარ ფიქრებს - თავქარიანს, გამძვინვარებულს, გრძელს, უმიზეზოს... მდოგვსა და პურზე გადავაგორებთ ავბედით დღეებს, ფაქტობრივად, შიმშილს ვუსჯით საკუთარ სხეულს, ერთმანეთი რომ გამოვკვებოთ, ნამცეც-ნამცეც მოვაგროვოთ გაბნეული ჩვენი სულები, მომავლისთვის გადავინახოთ, უფრო სწორად კი, გადავარჩინოთ... არ ჩავთვალოთ, თითქოს მთავარი ათასი ქილით, ათასი პარკით, ცხიმიან ხორცით, ყველით და კვერცხით, ათასი კერძით გადაძეძგილი, გადამსკდარი, ბაგაბუგისგან გულგამსკდარი, ხრიგინისაგან ხმაჩამწყდარი მაცივარია. . . ჩვენ გარშემო ბევრი შიმშილობს - პურსაც ვერ ყოფენ ისე თანაბრად, რომ შიმშილი როგორღაც მოკლან... გაატყაონ, დაამარილონ, შეჭამადები მოამზადონ და ისადილონ... ერთხელ მაინც დაიძინონ დარდის გარეშე - ხვალ რა ვაჭამოთ ჩვენს პატარებს, მოხუც მშობლებს, თავად რა ვჭამოთ... ყველა შიმშილობს, ყველა იბრძვის, ჩვენ კი ასეთი ოცნება თუ სურვილი დაგვრჩა - ერთმანეთისთვის ჯერ ვერ ნათქვამი, ვერ გამხელილი, ბანალური და უდღეური, მაგრამ საჭირო: პატარა სახლი სადმე ტყის პირას, ცოტა მეტი დრო ერთმანეთთან საურთიერთოდ, ნაკლები ტვირთი... თბილ სახლში ჯდომა... საყვარელი ფილმების ნახვა თითქმის ყოველ დღე, ერთად ჩათვლემა საყვარელ ტახტზე, ზედაპირი რომ აქერცლილი აქვს... კიდევ რა გვინდა? გვჯეროდეს, რომ არ სრულდება სიყვარული მაშინაც, როცა ჩვენი სულები ათასი პარკით, ათასი სესხით, ათასი დარდით, მარტოობით და უიმედობით, ღალატითა და ერთგულებით, მონატრებით და ერთმანეთით გაძეძგილი გვაქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი