ასი წლის წინ
ასი წლის წინ - როცა იყო ჩვენი ქორწილი, წყნარ ოკეანეს ხორცი ააჭრეს, მისგან კი კაბა შემიკერეს და ჩამაცვეს. ალაგ-ალაგ ოქროს თევზები დააბნიეს წყლიან ზედაპირს, თავზე მარჯნებით და ოქროთი მოვარაყებულ გვირგვინს მადგამდნენ - არ ვისურვე, არ უხდება და არც სჭირდება-მეთქი სიყვარულს მსგავსი გვირგვინი, არც ეს კაბა არ მოუხდება - ერთმანეთის სხეულები ხომ დიდი ხნის წინ შევიცანით, ერთმანეთით გამოვკვებეთ და ისე გავზარდეთ... არაფერია ახლა ჩვენ შორის ისეთი, რასაც ტანსაცმელში გავახვევთ და სადმე დავმალავთ... ისიც ვიცით, რომ ერთმანეთს არაფერში აღარ ვჭირდებით. . . ასი წლის წინ ჩვენს ქორწილში ზარები რეკდნენ ზუსტად ისე, როგორც გრიგალში ყეფენ ძაღლები; ათასი თვალი ასკდებოდა ჩვენს ერთად ყოფნას, ათასმა დარდმა ერთდოულად დაიწყო ლღვობა და სხეულებზე ბეტონივით შემოგვეჭდო მათი ქაცვები. აღარ მინდოდა შენთან ყოფნა - მწვავდა ტკივილი, შენც არ გინდოდა, მაგრამ მაინც, მაინც დავთანხმდით ერთ ნიჟარაში შეძრომას და იქ გამომწყვდევას ჩვენი ფიქრების, ჩვენ გარშემო კი იბზარებოდნენ, მერე ტყდებოდნენ და ქრებოდნენ სქელი მინისგან გამოჩორკნილი ცათამბჯენები. ასი წლის მერეც ყურში ჩამესმის ზარების ხმა, იმ დღეს რომ რეკდნენ - ვერცხლისფერი დიდი ზარების; ტკივილებს თესდა ფილტვებში ღრმად შემძვრალი წყალი და ვრცელდებოდა მთელ სხეულში მეტასტაზები. ასი წლის წინ ჩვენს ჯვრისწერაზე მორიგეობით იმსხვრეოდნენ მინის წყლისფერი ქრიზანთემები, ილეწებოდნენ გზები და მთები, ტბები, ტყეები... ასი წლის წინ ჩვენც დავილეწეთ და მას შემდეგ ვეღარ ვმთელდებით. ვფიქრობ, რომ ღირდა. შენც ასე ფიქრობ? . . რომც არ ფიქრობდე, თქვი, რომ ღირდა და ქარი ჩადგება, ჩალაგდებიან აბობოქრებულ და მოშხამულ სისხლში თევზები. . . რატომ შევძელით ერთმანეთში ისე შეღწევა, რომ ჩვენი დაშლა და სიკვდილი გამხდარიყო შესაძლებელი? . . რაც დავნაწევრდით, ეს ცხოვრება შენთვის ბევრად მსუბუქი გახდა, ჩემთვის კი ბევრად შეუძლებელი. ფსიქოლოგიურ ტესტს უტარებენ ყველა პაციენტს, ვინც მიატოვეს: ზოგი ცხვარს ხედავს, ზოგი - ღამურას, ზოგიც კატას, თათს რომ ილოკავს... დიდ ხანს ვუყურე ჩემ წინ გაშლილ უცნაურ ფორმებს - ვერაფერიც ვერ დავინახე... ჩვენც აღარა ვართ - დავიშალეთ, მერე ავორთქლდით, ჩვენი დაფშვნილი ნარჩენები კი გარშემომყოფებს ისე შეერჭოთ, როგორც ეკლები. ასი წლის წინ - ზუსტად იმ დღეს, როცა რეკდნენ ვერცხლისფერი მძიმე ზარები, ჩვენ უკვე მოვკვდით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი