ომში მოკლული ჟურნალისტის დღიური
სულ არ მინდოდა, ომზე მეწერა და არც გმირობა მქონდა გეგმაში, ახლა კი როცა ომში მოკლული ჟურნალისტი ვარ, ყველა ამბავმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა. დღეიდან უკვე ომში მოკლული ჟურნალისტი ვარ და ჩემზე ყველამ მარტო ის იცის, რომ გრძელი თმები და ჭორფლიანი სახე მქონდა. ომში რომ კვდები, ყველასთვის უცებ ცნობილი ხდები, არადა როცა ბეჭდურ მედიაში ვმუშაობდი, ჩემი სახელი არავის არაფერს ეუბნებოდა. 10 წლის განმავლობაში ვწერდი სტატიებს იმაზე, როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად, წონაში რომ არ მოვიმატოთ, კიდევ იმაზე, რომ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია, რომ მწოლიარე მდგომარეობაში წიგნების კითხვა არ შეიძლება - მხედველობას აუარესებს ... მერე ომი დაიწყო და ყველამ, ვისაც კი მასზე ოდესმე რამე დაუწერია და მათაც, ვისაც მასზე არასდროს დაგვიწერია, გადავწყვიტეთ, რომ ცხელ წერტილებში გვეცადა ბედი... არ მინდოდა ომზე მეწერა, რადგან მეგონა, ჩემი ომი - ბავშვობაში რომ გამოვიარე, მერე კი თავი ძლივს დავაღწიე და ჩემს წარსულში ღრმად გადავმალე, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ გაიმეორებდა - ალესილი რქებით და ცეცხლისმფრქვეველი ენით შეიარაღებული, ჩემი და ჩემი ახლობლების გადასასანსლად კიდევ ერთხელ წამოვიდოდა. . . და მართლაც, ომი, რომელიც წლების წინ ძლივს გადავაგორე და ჩემი სივრციდან მოშორებით ღრმად ჩავმარხე, ზედ კი ყველა მძიმე ფიქრი, მძიმე დარდი, მძიმე ტკივილი გადავაფარე, მაშინვე აღდგა საფლავიდან, როგორც კი მასზე წერა დავიწყე, ყველაფერი, რაც ზედ ეყარა - მთელი ცხოვრება რომ ვაყარე დაუზარლად, სულ ერთ წამში გადაიყარა და მოსაკლავად გამოგვიდგა. მიწისფერი ხალათი ეცვა და გზას, რომელიც უნდა გაევლო, კუდით და რქებით, გრძელი ბრჭყალებით თუ კლანჭებით, ფეხზე მიბმული დაჟანგული რკინის გუთნით თხრიდა და თხრიდა, შორს გასროლილი მიწის ღორღი კი სახეს და თვალებს ისე სერავდა, როგორც მინის ნამსხვრევები... მიწის ბელტები იმ ადგილას გვაჭყლიტავდა, სადაც ვიდექით - გზებზე, სახლებში, აივანზე, ლოგინებში, მანქანებსა თუ პურის რიგებში. როცა დაგვბომბეს, ყურში ჩამსკდარმა ხმაურმა მითხრა თუ მიღრიალა,რომ დავმთავრდი, რომ აღარა ვარ, მეც ავდექი და დასერილ სახეს მკვდარი თვალები ჩამოვაფარე, პირში ჩამდგარი სისხლის გემო კი ბოლო ლუკმად გავიყოლე... ჩემგან დარჩა წითური თმები, ყველას ეკრანზე რომ აფეთქდა და სტატიები, სადაც ვწერდი, რომ სწორი კვება სიცოცხლეს ახანგრძლივებს, რომ ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, რომ ცურვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს, რომ მოწევა და ალკოჰოლი სიცოცხლეს ამოკლებს... - ამის დამწერმა როგორ შეძლო ომში წასვლა და იქ სიკვდილი? . . – ფიქრობდა ხალხი, - ომი არის კანიბალიზმი და ისე ღეჭავს ჩვენს უკვდავ სულებს და მოკვდავ სხეულს, როგორც სტაფილოს ან კარტოფილს – მეფიქრებოდა უკვე მოკლულს... ვწუხვარ, რომ ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც გავიღეჭე... მანამ, სანამ სხვებს ღეჭავდა, ჯერ ვერ ვხვდებოდი, მერე კი მოვკვდი და მის ნამდვილ, შემზარავ სახეს ვრცელი სტატია ვერ მივუძღვენი - ძალიან ვწუხვარ… იქნებ, მომდევნო ცხოვრებაში მაინც მოვასწრო. .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი