ლოთი და მესაფლავე ანუ შეთქმულება მთვარეზე
- ლოთი მიდი, გაბედე მესაფლავევ, დაუკარ რამე რას მისჯდომიხარ მიწის დევებს, იმღერე რამე. რისთვის დარაჯობ, რისთვის იცავ საფლავის ქვაბებს დალიე, სანამ წამოდგება მკვდრეთიდან ღამე.. სანამ მიწაზე დათარეშობს კვლავაც სიბნელე მოვალ შენთნ და დარდიანი რამე მიმღერე.. და ნამთვრალევზე სისხლის წვეთებს ერთურთში ავრევთ აჯანყებულნი ჩამოვაგდებთ ტახტიდან მთვარეს. მე რა ხანია ეს ფიქრები კვალდაკვალ დამდევს როცა ვერცხლისფერად გავანათებ უკუნეთ ღამეს... ტყუილად დავლევთ მესაფლავევ, ტყუილად დავლევთ არ დამიჯერო, უგზო-უკვლო ვნებებით სავსეს რადგან ეს გზები დაცემულთა, ატარებს საფრთხეს სული ნელ-ნელა დააშოროს ანთებულ სანთელს. როგორ ავიღო მე პოეტის ცოდვები თავზე და უბადრუკმა ლოთმა, ციდან მოვწყვიტო მთვარე... რა ეშველებათ მერე მუზის დაკარგულ წამებს ვეღარაფერი დააბრუნებს გაქცეულ ლანდებს.. შენ არ დალიო მესაფლავევ, იგრძენი ღამე მე ვერ შევძელი მყუდროების მეგემა რამე ვერ გავუძელი უსასრულო რითმების თარეშს ღვინო მართავდა დაღუპული ხომალდის საჭეს.. - მესაფლავე შენ რა გადარდებს, ლოთი და ხარ და ლოთად მოკვდები დარდმა თუ გული დაგიკაწრა, ღვინით მორჩები და არც ისეთი საბრალოა კაცის ლოთობა თავისუფლებას ურჩევნია უტყვი მონობა. და გაქცევაა, თუ სიმართლე გინდა გაიგო შენ გეშინია რომ სადავე ხელში აიღო. ძნელია, გახდე საკუთარი თავის პატრონი და გაგიხდია მხდალო ღვინო შენი ბატონი. და მე რაღა ვთქვა, ჩემი დარდი როგორ ვიტირო ამ აკლდამებში დამწყვდეული გრძნობა ვითმინო ვერ გახარებულ ყლორტების მე დარაჯი გავხდი თითქოს გაქცევას აპირებდეს ვინმე აქ ღამით... სიკვდილის არა, მე სიცოცხლის მსურდა მეფობა რას ვიფიქრებდი სასაფლაო წინ რომ მელოდა და შენ ნუ მეტყვი რომ დავუკრა სიმღერა ქნარზე ანდა ვიმღერო მელოდია შორეულ ქალზე. არ გავურბივარ მე შენსავით უკუნეთ ღამეს წყვდიადის უხმო გარინდებას ვექეცი რამედ უკვე წლებია მე და ღამე, ეს აჩრდილები და ერთ ენაზე ამეტყველდნენ ხოდაბუნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი