ავტობიოგრაფია


მე გახლავართ სოფო ხარებავა - იურისტი, სადებიუტო რომანის ავტორი,  მასწავლებელი, ტრენერი და კარიერული განვითარების სპეციალისტი.

ვსწავლობ სამართლის დამამთავრებელ კურსზე და ვეწევი საქმიანობას საადვოკატო მიმართულებით, ასევე აქტიურად ვმუშაობ განათლებისა და ახალგაზრდული განვითარების სფეროში. ჩემი პროფესიული გზა ადრეული ასაკიდანვე დავუკავშირე განათლებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების მხარდაჭერას.

2019 წლიდან ვუძღვები სასწავლო ცენტრს „გზა მომავლისკენ“, რომელიც ორიენტირებულია მოზარდებისა და ახალგაზრდების პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაზე, ვამზადებ მოსწავლეებს  ქართული ენის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის ეროვნული გამოცდებისთვის. ჩემთვის მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება არ არის, ეს არის აზროვნების ფორმირება, არგუმენტაციის სწავლება და საკუთარი პოზიციის პასუხისმგებლობით დაცვა.

ვარ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის ელჩი საქართველოში, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. აღნიშნული სტატუსი გულისხმობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ღირებულებების გაზიარებას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და თანამედროვე სწავლების მეთოდების პოპულარიზაციას. აქტიურად ვმონაწილეობ საგანმანათლებლო პროექტებში, ტრენინგებსა და ახალგაზრდულ ინიციატივებში როგორც ტრენერი, ექსპერტი და მენტორი.

გავლილი მაქვს ფსიქოლოგიისა და მენტალური ჯანმრთელობის დიპლომირებული პროგრამა (CPD Accreditation), რაც ჩემს საგანმანათლებლო საქმიანობას უფრო ღრმა და ჰუმანურ საფუძველს აძლევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ადამიანის შინაგანი რესურსების გაძლიერება.
ვატარებ ტრენინგებს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე, ვაორგანიზებ ონლაინ და ოფლაინ საგანმანათლებლო ბანაკებს, დებატების ჩემპიონატებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. ჩემი საქმიანობის მიზანია ახალგაზრდამ დაინახოს საკუთარი პოტენციალი, იპოვოს საკუთარი ხმა და გაბედოს საკუთარი გზის შექმნა.

ლიტერატურა ჩემი საქმიანობის ბუნებრივი გაგრძელებაა. წერა ჩემთვის არის სივრცე, სადაც სამართალი, ემოცია, მორალი და ადამიანის შინაგანი ბრძოლა ერთიანდება.

ჩემი წიგნი „ბედისწერა“ ფსიქოლოგიურ-დრამატული ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის არჩევანის ძალაზე, პასუხისმგებლობაზე და შინაგან სიმტკიცეზე საუბრობს. ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამართლის, მორალისა და ადამიანური ღირსების თემებს.

ვწერ იმისთვის, რომ მკითხველმა საკუთარ თავთან დიალოგი დაიწყოს.
ვასწავლი იმისთვის, რომ ახალგაზრდამ საკუთარი გზა დაინახოს.
ვმუშაობ იმისთვის, რომ ცოდნა ძალად იქცეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი