კატა უდაბნოში
კატა უდაბნოში „შტეფსელს ჰგავს“, თითები ნასვრეტებს მოვუთათუნე. ორი ნასვრეტია. გვერდიგვერდ. ორი სანტიმეტრი შუალედით... მსჯელობის გაგრძელება მეზარება, უსარგებლო საქმეა, უინტერესო. დომინოს ქვა ხელში შევათამაშე და სხვა ქვებს შევურიე. „როგორც ცხვრის ფარა, როგორც ცხვრის ფარა“. ამეკვიატა. საფერფლეში ნამწვავები გადავთვალე. ყველაფერი დუმს: საათიც, კატაც, ტელეფონიც. „გახსოვდეს კატა!“, მზერა მათლაფაზე გადამაქვს. წყალი არ ასხია. ესე იგი, კატა უდაბნოშია. საინტერესო იგავი გამოვიდოდა, აღმოსავლური, მაცდური, რახათ-ლუქუმი და ოპიუმი. თუმცა უფლება არ მაქვს. აზრები არ უნდა გავფანტო. ერთ წერტილში უნდა შევყარო, რათა ძალა ვიგრძნო. ახლა ის დროა, როცა ძალა მჭირდება. შუაღამეს დამჭირდება. სამის ნახევარზე. სამის ნახევარზე უნდა ავიღო კალამი და ფურცელზე დავწერო რამე. თუნდაც ერთი სიტყვა. ჯერ ადრეა. ჯერ კალამი მაგიდის უჯრაში დევს. დომინოს ქვა ავიღე ისევ. ხელის ცეცებით, ბრმად. არ დავყურებ. თითებით ვითვლი: ამჯერად ხუთი ნასვრეტია. „ხუთჯერ ხუთი - ოცდახუთი, ხუთჯერ ექვსი - ოცდაათი“, კატა უდაბნოშია. ტელეფონი დუმს. სიგარეტი გამითავდა. ეს დაუშვებელია. ნიკოტინი ძალას მმატებს, კვამლი ფიქრს მიადვილებს. „კარადაში იქნება... ან კარადის ქვეშ...ან კარადის თავზე“. სიგარეტი მოსაძებნია, წყალი დასასხამი, სიტყვა დასაწერი. სამის ნახევარზე უნდა ავიღო კალამი... უზნეო აზრი შემომიხტა გონებაში. ცუდი, უზრდელი. ახლა არ მაწყობს, ახლა ზედმეტია. გუშინ - ჰო. გუშინ მოვეფერებოდი ამ აზრს, ხელიდან არ გავუშვებდი, სავარძელში ჩავსვამდი, წითელ ლამპიონს ჩავურთავდი. ბევრის მოყოლა შემიძლია, ბევრს მოვატყუებდი, ზოგს მართალს ვეტყოდი. ვერც გაარკვევდა, გაბრუვდებოდა და მენდობოდა. მე კი ვისარგებლებდი. მიყვარს წითელი ლამპიონი: ზღვარს მაკარგვინებს. „როგორც ბაბუაწვერა ქარში...როგორც ვულკანი“. სადღაც უნდა გავჩერდე, მაგრამ ვერ ვჩერდები, ვიდრე სიქა არ გამძვრება. შპალერის ზოლებს ვითვლი. ცალგამოტოვებით. კენტზე უნდა იყოს ბოლო ზოლი. ლუწი თუა - ერთი ზედმეტია. ეს არ მიყვარს. ზედმეტი არ მინდა, ხელს მიშლის. ეს ზოლები ბევრჯერ მაქვს დათვლილი. წინასწარ ვიცი შედეგი. საჩემო შედეგი რომ აქვს, იმიტომაც ვითვლი ხშირად. სიგარეტი არც კარადაშია, არც კარადის ქვეშ და არც კარადის თავზე. გონებას ვძაბავ. სამალავებს ვიხსენებ. „მანქანაშია...“ და უცებ დენმა დამკრა: „კატაც მანქანაშია...კატა დამრჩა“. თორმეტი საფეხური. სართულიდან სართულამდე ოცდაოთხი საფეხური. ოთხი სართული. ოთხჯერ ოცდაოთხი...კიდევ ექვსი, ვიდრე სადარბაზოდან გარეთ გავვარდები...მანქანა...ორი მწვანე წერტილი... წყურია, შია, მაგრამ მაპატია. ესეც მე მგონია, თორემ დაზუსტებით არ ვიცი. კატისას რას გაიგებ... უბრალო მოგონებებში ვეფლობი, ხერხემალი რომ არ აქვს. არ აქვს ხერხემალი, მაგრამ აქვს სუნი. აი, არდადეგების სუნი: მადლიანი, ქორფა. აი, ბუშტის სუნი, რომელიც ჩემხელა გოგოს უკავია. ჩხუბის სუნი. სამი მუშკეტერის სუნი. უბრალო მოგონებებია. უილაჯო. ახლა კატის სუნიც დაემატა, რომელიც დამავიწყდა. კატა, საერთოდ, ჩემი არ არის. მომაბარეს. მოვიდა, მომაწოდა და მითხრა: „გახსოვდეს კატა! აჭამე, წყალი დაუსხი, მარტო არ დატოვო.“ არც დავტოვე. მანქანაში ჩავისვი და საქმეზე წავედი. უბრალო საქმე მქონდა, წამის საქმე, საქმე რომ არც ჰქვია. სამაგიეროდ, პირობას ვასრულებ: კატა მარტო არ არის, მანქანაშია, სფინქსი, გოგენის ტაიტი და ტაიტში კატა. მანქანიდან გადმოსვლისას დამავიწყდა. მანამდე სულ მახსოვდა. რამდენჯერმე გადავხედე კიდეც. გადმოვედი და დამავიწყდა. როგორც ფორიაქი. როცა მომაბარა, მსუბუქად შევინიღბე. კატების სიყვარული ავიფარე სახეზე. სინამდვილეში - გმადლობ, შეგიძლია, სხვას მიაბარო - მიდევს გულში. ახლა ვხვდები, რატომ მოვიკატუნე თავი. მეშინია. კატის - არა. კატა, რაღაც კუთხით, მესიმპათიურება კიდეც. მომბარებლის მეშინია. უკვდავი ქალია, საუკუნეებზე გაწოლილი, მუცლითმეზღაპრე თვალებით. ხან მგონია: „უჰ, ღვთაებრივი...“, ხან მგონია: „ფუი ეშმაკს“... წარსული არ აქვს. რომც ჰკითხო, არ გაგიმხელს. იმიტომ კი არა, რომ კეკლუცობს ან რამეს მალავს. იმიტომ, რომ თვალებში არ ახატია. სამაგიეროდ, აქვს აწმყო - დორემიფასოლლასი - და მომავალი - სილასოლფამირედო. უზნეო აზრი გამიმეორდა. ამას ჰქვია, გადამეკიდა. ჯიუტია. უნდა, რომ კუთხეში მიმიმწყვდიოს და დამკითხოს. კითხვები ვიცი, ბასრი კითხვებია, გასაძრომებსა და სამალავებს გმანავს. ამიტომაც ვიხლართები, ვსავსავებ, გასხლტომას ვცდილობ. აზრი კი ძალაზეა, პასუხს მთხოვს, სიჩუმე აღიზიანებს. ქალს დილას დავუმეგობრდი. ის დაბლა ჩადიოდა, მე - მაღლა. როცა გამისწორდა, შემთხვევით ავწიე თავი და სხვა თვალით შევხედე. მანამდეც მინახავს, მაგრამ ლაყედ, უნიათოდ. დილას სხივი დაადგა, ღრუბელი გადაეყარა და ხიბლი გამოაჩინა. დამეგობრება თავისთავად მოხდა, ძალდაუტანებლად. წვრილმანები არ მახსოვს. ბოლოს ასე ვთქვი: „რომელ საათზე მოაკითხავთ?“ სინამდვილეში სხვა რამ მაინტერესებს: „დორემიფასოლლასია თუ სილასოლფამირედო?“ „ახლავე ჩამოვიყვან...და გახსოვდეს კატა! აჭამე, წყალი დაუსხი, მარტო არ დატოვო.“ ვიდრე ჩამოიყვანს, ფანქარი ავიღე, ფურცელი მუხლებზე გავიფინე და ზედ ხვაშიადი შემოვხატე: მსუყე, ირიბული. ტვინს ვბერავ, რომ მეტი გავიხსენო: აი, დგას, ცალი ფეხი დაბლა საფეხურზე ჩამოუდგია, მეორე - ზემოთ შერჩენია, ზემოთა - მუხლში მოხრილი, გამოკვეთილი, ქვემოთა - გაშლილი, შუქ-ჩრდილიდან გამოვარდნილი. სწრაფად უნდა დავხატო, რომ არ დამავიწყდეს. როცა სრულად დავიტან ფურცელზე, ჩაცმაზე მერე ვიზრუნებ. იქნებ, არც ჩავაცვა. იყოს ევა, მსხმოიარე... ქალი მეათე სართულზე ცხოვრობს და ქმარი ჰყავს. ქმარიცა და კატაც. მე მეოთხეზე ვცხოვრობ და არავინ მყავს. ამიტომაც გამიკვირდა, როცა მითხრა: „ღამე მოვაკითხავ, სამის ნახევარზე.“ თან გამიკვირდა, თან დარდი შემომაფრინდა, რადგან ამ ქალს არბალეტი თვალები აქვს და საუკუნეების სიგრძის დაღლას მალავს სხეულში. სხეულს კი ამპარტავანს დაატარებს: დაბურულს, სამგანზომილებიანს, საზღვრებწაშლილს. ამ სხეულს ვხატავდი მაშინ, როცა სიგარეტი გამითავდა და, მაშასადამე, ავღელდი. ხაზები გამექცა, დომინოს ქვა გაუბრალოვდა, შტეფსელს დაემსგავსა. უზნეო აზრმა კი დრო იხელთა და გამითავხედდა. ვგრძნობ, მაცდუნებს, მაგრამ ახლა ზედმეტია. გუშინ - კიდევ ჰო. ახლა - არა. ფურცელს დავყურებ: სახე უბრალოდ შემომიხატავს: ოვალი და მორჩა. მანეკენს ჰგავს. სამაგიეროდ, ფეხებსა და წელზე გადამიტანია მთელი ყურადღება: კარგად კი გამომიძერწავს. შემიძლია, რამით დავუფარო. მაგალითად, გაზის პარეო მოვახვიო, გამომწვევი, შეუბრალებელი. შემიძლია, უფრო გავირყვნა, მაგრამ - „სდექ“ - ვამბობ სადღაც შიგნით, - „ეს ქალი ჩემი ნივთი არ არის.“ კეთილშობილება არ მალაპარაკებს, უბრალოდ, დამალვა მომინდა. რაც უნდა იყოს, კატაა ოთახში. კატა ქალისაა, ხოლო ქალი ქმარს ეკუთვნის. ეს მიგნება მინგრევს რუხ ნივთიერებებს. თვალებიდან ოხშივარს ვუშვებ. ეს ის წუთია, როცა გონების დაძაბვას შევუდექი და მოულოდნელად დენმა დამკრა: „კატა მანქანაშია...“ როცა ქალი შუაღამეს მოვა, კატა უკვე ხელში მეყოლება. კაკუნი, კარის გაღება და კატის მიჩეჩება ერთი იქნება. ზედ არ შევხედავ. განსაკუთრებით, თვალებს მოვერიდები. აქედანვე ვიცი, თუ ავყვები, ტვინის ლაბირინთები ამიდუღდება. ფურცელს დავუბრუნდი. პარეო დავტოვე. სახეს უნდა მივხედო, მაგრამ სახე არ მახსოვს. რაც მახსოვს, ისაა, რომ თვალები...დიახ, არბალეტი თვალებში...დიახ, წარსული არ ჩანს...და საუკუნეები, საუკუნეები. ეს როგორ დავხატო, არ ვიცი. უნარმა მომიძულა. ამ თვითგვემაში ვიყავი, როცა აზრმა გამიელვა: სამის ნახევარზე ავიღებ კალამს და დავწერ რამეს. თუნდაც ერთ სიტყვას. კალამი მაქვს. კათაი-ქვეყნიდან. ოქროცურვილი, წვერწამახული. თითებში რომ მოვიმწყვდევ, უნებურად ბრძენკაცობა მინდება. მინდება, მაგრამ არ გამომდის. სწორედ მაშინ ვკარგავ სიბძნის გორგალს, ასოების მოხაზულობა მავიწყდება. ვიბნევი და კალამს ისევ უჯრაში ვდებ. „მელანი დამშრალა“ - ვიმხნევებ თავს. ქალს ვერ ვეტყვი, რომ მელანი დამშრალა, რადგან წერილი უნდა გადავცე. მართალია, წერილს არც ელოდება, კატა უნდა ჩაიბაროს მხოლოდ, მაგრამ ვიცი, ამჯერადაც დავკარგავ სიბრძნის გორგალს. „ცხელი სიტყვა...ცხელი სიტყვა“ - მიტრიალებს თავში. ეს ქალი შეუვალია, პირამიდა, სარკოფაგი. სიტყვით უნდა ავიღო, გულის ფარი შევუნგრიო, მაგრამ ყველა ცხელმა სიტყვამ მიმატოვა. გონებაში ვწერ წერილს. და ვიდრე წერილს ვწერ, აღმოვაჩინე ქაოსი. ქაოსი ჩემს შიგნითაა. ყველა გრძნობა აქ ჩამომსხდარა და რიგს ელოდება. უცნაურები არიან. ლოდინით გათანგული, ჟანგიანი გრძნობები. ყველას ვიცნობ. ყველასთან მიმეგობრია. ზოგთან ხელგადახვეულიც ვყოფილვარ, ზოგთან ტალახშიც მიგორავია. ერთს ვერ ვცნობ. შორსაა. თითქოს ბურუსი, თითქოს კვამლი ასდის უღრანს. უდაბნოს ნაშიერს ჰგავს. ქვიშა მოძრაობს, ბარხანები წამდაუწუმ იცვლიან მოხაზულობას. ვუახლოვდები. იმ ქალის სახე აქვს: ოვალი, არბალეტი თვალები, საუკუნეები... გახელება მაწვება ყველა ნერვულ დაბოლოებაზე. ახლა მე გონიერი არსება აღარ ვარ. უცნობი გრძნობა იპყრობს ჩემ უჯრედებს: მემბრანა, ციტოპლაზმა, ბირთვი ალყაშია. მალე დავთმობ ფორპოსტს. ერთი რამ მადარდებს და მღრღნის: ვინ არის ის მობუზული გრძნობა, რატომ აქვს დილას გაცნობილი ქალის სახე, რომელსაც ქმარიცა ჰყავს და კატაც... კამათის ხასიათზე დავდექი. როგორც ციცერონი სენატში: „ო, დროებავ! ო, ზნეობავ!“. უკანასკნელი სიტყვა არ მომეწონა. მახინჯია, მიუდგომელი. თავზე ეკლიანი გვირგვინი ადგას, მაინც მშვიდად იყურება. ჩემთვის რა ხეირი, ჩემთვის სულერთია. ზნეობა ჩემი მეგობარი არც ყოფილა და არც არასდროს გახდება. ჩემი წრიდან არ არის, ქალი, ქმარი და კატა ერთმანეთში ამერია და ნერწყვად მომადგა. უნდა გავიქცე, მაგრამ გზაგასაყართან ვარ და არ ვიცი, რომელი მიმართულებით დავცე ყიჟინა. „დაწვი ხიდები“ - ისვრის ქალი არბალეტი თვალებიდან. ქმარი რომ არა, იმ თვალებიდან იმ არბალეტს ამოვგლეჯდი, მუხლზე გადავილეწავდი და ოქროს ჯაჭვს გამოვიტანდი წაქცეული სარდაფიდან. ვაგლახ, არც სარდაფი ვიცი, სად არის, არც ოქროს ჯაჭვი მაქვს და არც ქმრის ადგილსამყოფელი მომეხსენება. მოულოდნელად მიწისძვრამ შემაბარბაცა. მიწისძვრა მოხდა...მიწა არ შერყეულა, არაფერი ირხევა კედლებზე, შპალერის ზოლები ისევ კენტია...ყველაფერი მშვიდადაა, მაგრამ მე ვბარბაცებ...და ვხედავ: გაიხსნა ტვინის ნაპრალი და შთაინთქა შიგნით ოვალი, არბალეტი-თვალები, საუკუნეები...კატაც. ისე შთაინთქა, ხელის მიშველებაც ვერ მოვასწარი. წყვდიადში გაქრნენ, ორთქლში, „როგორც ქვირითი, როგორც ზეთისხილის საწნახელი“. არბალეტი თვალები - ჯანდაბას, საუკუნეებიც წყალს წაუღია. ოვალს მივტირივარ. ვიდრე ფურცელი მუხლებზე მქონდა, მღელვარება დამიბლაგვდა. ოვალს აზრი ვერ მივეცი, დეზოქსირიბონუკლეინმჟავა ვერ ჩავხრახნე, ჩემ ქაოსში მობუზული გრძნობა ვერ ამოვაგდე ნაპირზე. ჩემი კაპერნაუმი მიწისძვრამ იმსხვერპლა. გამყინვარებამ დამიპყრო. გულში ლოლუა ჩამისახლდა და უმოწყალოდ აგდებს პარკუჭიდან ჟანგიან გრძნობებს. ქალი, კიბე, კატა, ქმარი ცვილის ფიგურებად გადაიქცა. ვიცი, რომ უკვე ლანდებს ვესაუბრები, მაგრამ მომწონს და ვხარხარებ. უდაბნო და ანტარქტიდა ერთ არსებად იქცა. ქალი უდაბნოშია, მე - მყინვარეთში. არბალეტი აღარ ისვრის. სამის ნახევარი კი ახლოვდება. გონებებიც უნდა შევაერთო. ჩემი და მისი. ეს თუ შევძელი, იმასაც გავიგებ, რა ჯიშისაა. მყისიერად გამიელვა: „დამინახე მისი თვალებიდან“. აზრი უცებ მოვიდა, როცა საქმეზე გავედი მანქანით. წამის საქმეზე. საქმეც რომ არ ჰქვია. ოვალი მეჯდა გვერდით, ხელში კატა ეჭირა. აზრი კი ლომბარდში დავაგირავე, რადგან ფული შემომაკლდა. ახლაღა გამახსენდა. გამახსენდა და შემეცოდა. გავიმეტე, სიმდიდრეში გავცვალე. უნდა გამოვიხსნა. ქალის ნეირონებში უნდა შევსახლდე. ვიდრე კატას წაიყვანს, ბარხანები უნდა ავწეწო, უდაბნოში გეთსამანია ავაყვავო, ქარავანს წავუძღვე წინ... აქ სადღაც ფურცელი ეგდო. თოთო, ყამირი...ასოებს დავდევ დასაჭერად, რომ დავალაგო და სიტყვებად შევკრა. როცა შევკრავ, ქალის აზრსაც ძაფს გამოვაბამ და ფრთხილად გამოვწევ ჩემკენ. „როგორც ფრანი, როგორც წითელი ფარანი.“ ასოები მემტერებიან. არ ლაგდებიან, რადგან ქარის წისქვილები უფრო მოწონთ. ლამანჩელს დავეძებ წისქვილებს შორის. არკებუზი უნდა გამოვართვა, ასოებს დავცე და ბუღი ავადინო. მე ახლა მჭირდება სიტყვები, ხვალ აღარ დამჭირდება, როცა ქალი კატას წაიყვანს, ხოლო ქალს - ქმარი. შევაღწიე, შევაღწიე. ძნელი ყოფილა ამ ქალის თვალებში ყოფნა. უცნაურად ხედავს: მისთვის სწორი გზა ციცაბოა, ჰაერი - ოღრო-ჩოღრო, წყურვილს კალენდრის სუნი ასდის. ყველაფერი უკუღმა აქვს , ყველაფერს შებრუნებულ სახელს არქმევს. მაინც მყარად დგას: ეტყობა, ასე იოლია. მეც ვსინჯე: მყარად დავდექი, მრუდედ დავინახე და დავეცი. არბალეტებიდან ტვინის ხვეულებამდე ომის ხმა ისმის. აზრები ალუბლის ხეებს ეფარებიან. ახლოს მისვლას ვერ ვბედავ, რადგან გაუწვრთნელები არიან, უსაბელოები. ყველგან ანუშკას დაღვრილი ზეთის სუნი დგას. საცაა ორთქმავალი შეჰკივლებს და „ათას ერთი ღამე“ ბანქოს გაშლის. მიკვირს და მეშინია: ძნელი ყოფილა ქალის თვალებში ყოფნა. ისევ ჩემს ტყავში მირჩევნია, მაგრამ ვეღარ დამიღწევია თავი. მე ვეუბნები: „ააგე ხიდი, უნდა გავიარო.“ ის მეუბნება: „დრო გამომელია...“ ალადინს ვეძახი. მინდა ლამპარი მომაწოდოს. ავანთებ, შუქს მივყვები, სადმე ჩამოვჯდები, წყალს დავლევ და ცას შევხედავ. აჰა, დუქანიც... გაზინტლული, ქვამარილი დუქანი. მე არც ნიკალა ვარ და არც მოდილიანი, რომ კუთხეში მივჯდე, ჭიქა დავიდგა და ქალი დავხატო. ქალი დავხატო მათებურად, თვალები - აღმა, პირი - ჩაღმა, ფორმა - უფორმო, და მაინც - კლიტემნესტრა. მე მოუნიშნავი საზღვარი ვარ: ვისაც როგორ უნდა, ისე მიპყრობს. ამ ქალმა დილას გადმომლახა, გრძნობები დამიფრთხო, წყაროს სათავე ჩამიგმანა, ზედ კატა დაადო და ქმარი-ბოქლომი ჩამოჰკიდა... ძალა არ მაქვს, რომ ზარბაზანი მოვმართო, ავაწიკწიკო და ქალს ჭურვი ვთხლიშო. დინებას მივყვები. სანამ მივყვები, ალმაცერა ღიმილი ვარ, დანგრეული კართაგენი. ხელებს უაზროდ ვიქნევ. ჰაერი არ მყოფნის. ლიფტში გავიჭედე, სახურავიდან წყალი ჩამომდის. გალაკტიონმა მესაფლავე უკვე დაწერა, ხოლო მარგარიტამ მილიონ ვარდს თვალი შეავლო, მადლობაო, თქვა და გაიარა. ვიდრე მობუზულ გრძნობას უდაბნო-უდაბნო დავდევ, სარეველა მომედო და მჭამს. ცელი მჭირდება. ქალი თუ არ მოვცელე, გაუვალ ტყედ გადავიქცევი, ნადირი ჩამისახლდება, სამრეკლოდან გადმოგდებულ დედო-ზარს დავემსგავსები. მგონი, უკვე ვგავარ კიდეც. სარკეში უნდა ჩავიხედო, მაგრამ სარკეები რიგში ჩაუყენებიათ და მაშჰადში მიერეკებიან გასაყიდად...ტყვეები უნდა დავიხსნა, ქალს ჭურვი უნდა ვესროლო, წყაროს ბოქლომი უნდა ავხსნა. ვგრძნობ, ფეხი მერევა, კუნძს ვეძებ, რომ ჩამოვჯდე. ჩემი ლიმონათი იმ პატარა გოგომ დალია, ბუშტი რომ ეკავა ხელში... …და მოულოდნელად ნათურა აინთო. ნათურა აინთო ჩემ ტვინში. თვალები წაღმა ჩავატრიალე და ტვინში ჩავიხედე: არიქა, ზოგან შეშუპებულა, ზოგან წითლად ვარვარებს. სასწრაფო მჭირდება, სამედიცინო ბრიგადა. ვხედავ, ვხედავ, აგერ, საშველად მორბიან: ბოთლი, ჭიქა, სიგარეტი…ჭიქის დრო სადღაა, ბოთლს ვეჯაჯგურები, ლავას უნდა დავასხა და მუგუზლები ავაშიშხინო…კვამლი ავარდა. ტვინს ოხშივარი ასდის. მიშველა. დალაგდა სამყარო. რა სუფთა ყოფილა დედა-ბუნება. ჩიტები ჭიკჭიკებენ, პატარა ამურები დაფრინავენ, ოღონდ მშვილდ-ისრები არ აქვთ, სხვენში აუყრიათ. ფეხზეც მკიდია. მე მაგათი დაკოდილი გულები დიდი ხანია ალუდას მოჭრილ მკლავებს მივუკიდე გვერდით. ყველა საგანი თავის ადგილასაა: შპალერის ზოლები, საათი როდისღა ამუშავდა. იატაკზე სახატავი ფურცელი გდია. სუფთაა, არც პალეო, არც ოვალი. აქეთ-იქით ვიხედები: რა ქალი, რის კატა, რომელი ქმარი. ან არ იყო, ან მიწისძვრამ შეჭამა. მე მეორე მირჩევნია. უჯრა გამოვაღე. კალამი ადგილზეა. გაუხსნელი. მელანამომშრალი. ბოლოს როდის გავავსე, არც მახსოვს. დარდები გადავიყარე. სამის ნახევარიც მიწისძვრას შეუწირავს. თავისუფალი ვყოფილვარ. შემიძლია, ყიჟინა დავცე. ამიტომაც მივწექი. აწი არსად მეჩქარება. ყველაფერი წყალსაც წაუღია: ვხედავ, მორევი ითრევს, მაგრამ არ მივეშველები, დაიხრჩოს, სხვას მაინც აღარ მიაბარებს კატას, სხვა მაინც გადაურჩება არბალეტებს. რა კარგი ყოფილა საღი თვალი: სადაც რა დევს, ყველაფერი ადგილზე დევს. ამასობაში ღამეც მოსულა. სიგარეტს ვუკიდებ და…მოულოდნელად: კაკუნი…საათს გავხედე…სამის ნახევარია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი