ღმერთთან საუბარი


--------------------------------------------------------
    ღმერთო, რად მინდა მე წერის ნიჭი?
რომ გამაჩინე ხელში კალამით,
იქნებ მინდოდა ამ ჩემს ნაჭუჭში,
ვმჯდარიყავი და მელოცა წამით.
    არ დამანებე თავი უფალო,
იქნებ რამის თქმა გინდოდა ამით,
შენ ხმას არ იღებ, მაგრამ მანიშნებ,
რომ არ დავკავდე სხვა ათას რამით.
    გიტარის სიმებს გადავაწყობდი
მე როგორც მინდა ისე, იოლად
და ჩემს ნებაზე ჯვარსაც დავწერდი,
სიმღერის ნოტებს შევრთავდი ცოლად.
    ხან ფიროსმანი დამეხმარება,
ზეთიან ფუნჯს რომ გავუსვამ ტილოს,
მერე ძმასავით ჩამეხუტება,
ის და მე დავლევთ ერთ ჭიქა ღვინოს.
    ან კი ვინ იცის, იქნებ უფალო,
რომ გამაჩინე თუნდ ერთი წამით,
უნდა მეწერა შენი ლოცვები
და უკვდავების შემესვა წყალი.


                                            სპარტაკ ყავრელიშვილი
                                             თბილისი, 15.10.2010 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი