ხანჯალო (მთის მოტივზე)
------------------------------------------
- რატომ დაჰკარგე ხანჯალო,
შენი პატრონის მკლავია,
მისი აბჯარი ნაფლეთი,
მისი მერანი მალია?
რად მიეც წყლისა დინებას,
მის ნაშრომ-ნაჯაფარია,
რად არ მიგყვანდა* მკურნალთან,
მის წყლულზე რა წამალია?
- ჩემ პატრონ ჩემზედ ნაქებსა,
ადათი* ასე ჰქონია,
კაცთ მოდგმა ყოველთვის ჰკვდების,
მისი სიცოცხლე ომია.
მტერსა უშიშრად ხვდებოდის,
მისი მკლავი და გორია*,
ჯახში* შავარდნილ არწივსა,
არ ჰყვანდა* თვისი სწორია.
ურჯულომ ლაშქარ შაჰყარა,
მთიელთა მიწა-წყალზედა,
ჩემ პატრონ ტახტზე მძინარეს,
ვეფხვ უმშვენოდა მკლავზედა.
ხმაურზე გამაეღვიძა,
კარს ულეწავდნენ ჯვარზედა,
სისხლისა წყარო მასწყურდა,
აბჯარ აისხა ტანზედა.
ლეწა და ლეწა მამხდური*,
იმათვე გულ-ფიცარზედა,
ჩემ მჭრელსა პირზედ ატარა,
მკვდარი მკვდარს აწყო კარზედა.
-მაშ, რად ემდური საწუთროს*,
გულს რად აიყრი მასზედა?
მტრებ გიტეხიათ ჩაუქნი*,
ჯავრი გიყრიათ ჯავრზედა.
- ვაჰ, რომ მამწყურდა ჟლეტაი
მასისხლეთ, სისხლის ამღებსა,
სადა მყავ პატრონ ნეტაი?
ღვიოდეს გულსა ნადებსა.
უდროდ* დავობლდი, დავჟანგდი,
არ მივარგ პირ-ალმასია,
კედლისა ჩხირად გამხადეს,
გარს შამომეხვა ასია.
შასვით და ჩვენც მაგვიგონეთ,
ღვინით აღავსეთ თასია,
სამშობლოს თავი შავწირეთ,
ეგ არი ჩვენი ფასია.
ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 1993 წ. (არქივი)
*მიგყვანდა - აქ: მიგყავდა, *ადათი - აქ: წესი,ზნე, *გორი - აქ: მოდგმა, შთამომავლობა, *ჯახში - აქ: ომში, ბრძოლაში, *ჰყვანდა - აქ: ჰყავდა, *მამხდური - აქ: მტერი, *საწუთრო - აქ: წუთისოფელი, *ჩაუქნი - აქ: მარჯვენი, ფხიანნი, *უდროდ - აქ: ნაადრევად, უდროოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი