მესხეთს


------------------------------------------------------------
     მოვივლი  მესხეთს  მთიანს, ვაკიანს,
ფეხით გავთელავ ბალახს ნამიანს,
ცასაც ავხედავ სუფთას და მზიანს
ისეთს, რომ შვენის მესხსა გულიანს.
     აქ, ჩემს ჯავახეთს მოვეფერები,
ვით ონავარი ბავშვი პატარა,
მისი ტაძრების სხივის ნათებამ, 
მე, ბილიკ-ბილიკ ფეხით მატარა.
     სამსარის ქედზე ნისლი ჩამოწვა,
გადაიარა აბულის წვერი,
იქ, თავფარავანს ჭაბუკი ებრძვის
და ტბის ტალღებმა უცვალეს ფერი.
     მინდა ვემთხვიო კუმურდოს კედლებს,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
აქ, წინაპართა ძახილი მესმის:
ჰეი, ქართველნო! თქვენ გელოდებით!
    მოდით, დაჰკარით დაფდაფებს ძლიერ,
მეფე ერეკლეს ერთგულნო ძმანო,
აბჯარასხმულნო და მხრებგაშლილნო,
ომში დაჭრილნო გმირნო ჯავახნო.
    დაბლა ვარძია  ყიჟინას დასცემს,
თამარის ჯარი ფეხზე დადგება,
დე, დაიღვაროს სისხლი ცრემლებად,
ხერთვისთან მტკვარი რომ გაშმაგდება.
    აგერ, ჯავახი გუთნისა დედა,
ვინც მტერს ულეწავს მუზარადს ხმალით,
აბჯარგახეულს, ქართული ქნარის 
ჰანგი აღმოხდა სულ ერთი წამით.
    მე, სამცხეს ვეტრფი, რუსთველის მიწას,
ვეფხისტყაოსნის დიდებით შემკულს,
სარგის ჯაყელის გმირობა მიცავს,
არღუნის მარცხით გადიდგულებულს.
    ისევ სუნთქავენ მესხთა ტაძრები,
ამაყად მდგარი ოშკი და ზარზმა,
მწვანე მონასტრის ჭექენ ზარები,
ბანას იფრქვევა თასით აიაზმა.
     მესხეთს მოვივლი  მთიანს, ვაკიანს,
ფეხით გავთელავ ბალახს ნამიანს,
ცას რომ ავხედავ სუფთას და მზიანს,
უფალს მივანდობ  მიწას მადლიანს.




                                         სპარტაკ ყავრელიშვილი
                                          თბილისი, 27.11.2023 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი