მამის საფლავთან - (ლექსი ეძღვნება 2010 წელს გარდაცვლილ მამას)
----------------------------------------------------
ზეცას მოწყვეტილი ელვა და ქუხილი,
მიწაზე დაცემას რომ ცდილობს,
მამის ხმა ჩამესმა, ეტყობა წუხილი,
მკითხავს: ხომ კარგად ხართ, შვილო?
ცოტა შეშინებულს ცრემლი მომერია,
თითქოს ზედმეტადაც ვფრთხილობ,
- მამი, ხომ არ გტკივა ისევ მკერდში გული?
- თქვენზე დარდით მტკივა, შვილო.
ო, რა სასტიკია ეს წუთისოფელი,
სიკვდილის დამარცხებას ცდილობ,
- შენ ხომ არ შეგცივდა, მამაჩემო?
- იცი როგორ მცივა, შვილო?
როგორ მენატრება შენთან საუბარი,
ჩემო კეთილო და თბილო,
- მამი, ხომ არ ბნელა სამარის კედლებში?
- ჰოი, ისევ ბნელა, შვილო.
მაშ, სანთელს დაგინთებ საფლავთან მოსული,
წაგიქცევ ზედაშე ღვინოს,
- ისევ ჩვენზე ფიქრობ მამაჩემო?
- ვფიქრობ, თქვენზე ვფიქრობ, შვილო.
ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 2012 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი