ღმერთმა შექმნა სამყარო


------------------------------------------
    ღმერთის განგებით შეიქმნა
სამყარო, დედაბუნება,
ზეცას  უბოძა  ვარსკვლავნი,
მზეს ბრწყინვალების  გუნება.
    მყინვარს ჩააცვა ქათქათა,
თეთრი ყინულის სამოსი,
მიწას კი მწვანე ხალიჩა,
სიცოცხლეს მისცა პათოსი.
    ზღვა გააჩინა ხმელეთზე,
ხან წყნარი, ხანაც მძვინვარე,
ტყეს შეაფარა ფრინველნი,
ხევს დაულოცა მდინარე.
    კლდეს უწილადა ჩანჩქერი,
კალთას უსველებს ციალით,
 ჯიხვი და არჩვი ამრავლა,
ისმის ნადირთა ღრიალი.
    მიწას ჩაჰბერა მოწყალემ,
 სული მარადის არსობის
და შექმნა ქვეყნად ადამი, 
ფუძე კაცისა და ძმობის.
    მერე, სამყაროს შემქმნელმა,
 მისი ღვთიური ნებითა,
ევა ,,სიცოცხლის მიმცემი“, 
იღო ადამის ნეკნითა.
    აკურთხა ღმერთმა ისინი,
უთხრა: იხარეთ ნაყოფით,
იუფლეთ, ავსეთ ქვეყანა
სიკეთით, არა გაყოფით.
   ედემის ბაღი გაივსო,
ბევრი ხეხილით სამყოფით,
მხოლოდ ერთი არ იჭმევა,
ცოდვაა მისი ნაყოფი.
    არ შეისმინეს გონებით,
შეცდნენ ევა და ადამი,
სატანას სიტყვა მიიღეს,
უარყვეს უფლის ნათქვამი.
     მოწყვიტეს ხიდან ნაყოფი,
ღმერთისგან ანაკრძალები,
ცოდვამ მოიცვა ქვეყანა
და აეხილათ თვალები.
     სამოთხის კარი დახურა, 
ღმერთმა განდევნა ცოდვილნი:
„თქვენი ოფლით და ტკივილით,
ამრავლეთ თქვენი შობილნი.
    მე უკვდავება მოგეცით,
სამარადისოდ სიცოცხლის,
თქვენ კი ეშმაკი არჩიეთ,
გზა ტანჯვის, არა მშვიდობის“.
    და დღემდე ასე გრძელდება,
სამყარო ცოდვით გაივსო,
ლოცვა და მადლი გვჭირდება,
უფალი ჩვენთან არისო!
   მაინც გვიცავს და გვმფარველობს, 
მოდგმას ევას და ადამის,
ღმერთია თავისუფლება
და სიყვარული მარადის!


            ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი
                    თბილისი, 22.02.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი