მესიზმრა, თითქოს...


მესიზმრა, თითქოს სულმა დატოვა,
ყოვლად ცოდვილი ჩემი სხეული,
თითქოს ზეცისკენ სწრაფად გაფრინდა,
ვით ანგელოზი უფლის რჩეული.

მესიზმრა, თითქოს ტაძარს ვაგებდი,
ვით საკოცარი* კუმურდოს კედლებს,
მე ამ მადლისთვის არ დავბერდები,
მე ამ მადლისთვის აღვაპყრობ ხელებს.

მესიზმრა, წუხელ ჩემს საქართველოს,
მწუხრის ზეწარი გადაჰფარვოდა
და იოვანე კუმურდოელი*,
იქ, სინას მთაზე ლოცვას ამბობდა.

აქ, ფარავანი მიიკლაკნება
დაუღალავი, გულანთებული,
მესიზმრა, თითქოს ვარ ამირანი,
მკერდდაკორტნილი, კლდეს მიჯაჭვული.

დაბლა ხერთვისთან თუ შეჩერდები,
მტკვრის და ფარავნის ღრმა შესართავთან,
მესიზმრა, თითქოს მეფე ერეკლემ,
ფიცი რომ დასდო დავითის ჯვართან.

მესიზმრა, ვიყავ მეც მეომარი
და ლეკ-ოსმალთა ხოცვას ვხედავდი,
აქ, ფაშა-ბეგნი სიკვდილს ეახლნენ,
ვით მალაჩილა* (კოხტა ბელადი).

მესიზმრა, თითქოს ვიყავ პოეტი,
ლექსთა სტროფები ფეხქვეშ მთელავდნენ
და წინაპართა ამ გმირობაზე,
ჩემი ტაეპნი როგორ ღელავდნენ.


ავტ: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 11.04.2024 წ.

საკოცარი*- აქ: კუმურდოს ტაძრის მაშენებელი, ქართველი ხუროთმოძღვარი(964 წ)
იოვანე კუმურდოელი*- აქ: იოვანე ეპისკოპოსი.
მალაჩილა*- აქ: კოხტა ბელადი, ლეკთა მთავარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი