მაშ, გაუმარჯოს!


მაშ, გაუმარჯოს იმ ქართველის ჯიშს და გენიას,
ვინც საქართველოს ეკლესიის რეკა ზარები,
ვინც ოდითგანვე ქრისტეს კვართი მცხეთას ულოცა
და ოსმალოთა სისხლიანი ლეწა ფარები.

მაშ, გაუმარჯოს იმ ქართველი დედის სიმღერას,
ვინც იავნანა შვილის გულში ჰანგად აქცია,
ვინც აღუზარდა ჩვენს მიწა-წყალს გმირი ვაჟები
და სამშობლოსთვის ხის აკვანი ხელით არწია.

მაშ, გაუმარჯოს იმ ქართველთა ფიცს და ერთობას,
დიდგორის ომში რომ დასჭექეს ივერთ! - მსმენია,
ხომ გადატეხეს ურჯულოთა დიდი თარეში,
თეთრი გიორგი წინ უძღოდათ! - ბევრის მთქმელია.

მაშ, გაუმარჯოს ასპინძის და შამქორის ბრძოლას,
მარაბდის ველზე თავდადებულ გმირთა სავანეს,
შორს, ბასიანზე რუქნ ად-დინის გაისმის გლოვა,
იქ, ღვთაებრივი განკითხვის დრო უდგათ ჯალათებს.

შენ, გაგიმარჯოს ჩემო მიწავ, ჩემო მამულო,
წინაპართ ძვლებით მოფენილო, მრავალტანჯულო,
ანბანო ჩემო, ვაზის ყლორტით ტანმოქარგულო,
ენავ ქართულო, უფლის ხელით გამოსანთლულო.

სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 20.05.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი