იბერთა სადღეგრძელო


შენ, იდღეგრძელე ჩემო ტკბილო მიწავ ქართულო,
მრავალ ქარ-ცეცხლში გავლილო და გულდადაღულო,
ღვთისმშობლის წილო, ნაკურთხო და მადლით მოსილო,
რუსთველის კალმით აღმართულო, ლექსო ხატულო.

კლდეში ნაკვეთნო თამარისა ვარძიის ქვანო,
დიდება შენდა მესხთა მიწის ლექსის აკვანო,
ჯავახეთს სჯულად შემოსულო ვაზისა ჯვარო,
უფლის დიდებით ლოცვად ქმნილო, არვის სადარო.

ქართლში ნაგებო ორბელიანთ ატენის ციხევ,
ბევრჯერ მტრის ხელით ნასისხლო და გულში დაჭრილო,
კახეთს ნაშენო ვაზო, ტანად ქართულ-ანბანო,
იბერთა ფესვის დამლოცველო, ზეცად აჭრილო.

ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალო, გმირთა ალაგო,
ვაჟას არწივო ლაღად მფრენო,  დიდო მშობელო,
შენ, მთიულეთო ლომისელთა ტკბილო არაკო,
გაუტეხელო, არაგველთა წარმომშობელო.

ო, ნიკორწმინდავ რაჭისა ჯვარ-გუმბათოვანო
და ჩუქურთმებში ქართველთ მზერით ამოქარგულო,
ფერისცვალების მადლით ზეცად წამომართულო,
ჯვრის ამღლების სიდიადევ, რწმენავ ქართულო.

აჭარის მთებო ახოვანნო, ლაღად მომზირნო,
ჰოიდა ნენეს შეძახილო, გულით ნამღერო,
შენ, კრიმანჭულო  გურულების ხმაო ერთგულო
და ქართველურად მოძახილო, სხვა ჩანამღერო.

სვანეთის კოშკნო შუბლგახსნილნო, გოროზად მდგარნო,
მულახის თემში გამოთლილო ჟაბეშის ჯვარო,
ფეხბედნიერო სამეგრელოს კუჩხა-ფერხობავ,
წმინდა ბასილის წყალობავ და კაცთ დღეგრძელობავ.

ჰე, აფხაზეთო ჯერაც ჩვენო დიდო ტკივილო,
ჩვენო კარიბჭევ, საქართველოს ედემის ბაღო,
ჯიქეთის მხარევ, მურზაყანის ადგილ-მამულო,
სამარადისოდ მინდა კარი თქვენი შევაღო.

სამაჩაბლოში  ისმის ქართველთ მიწის კივილი,
ისევ ხმაურობს მაჩაბელთა ძარღვებში სისხლი,
კვლავ გააგონებს ლიახველებს გმირთა ყივილი,
რომ საბაწმინდას ჩამოსცილდა გოდების ნისლი.

აქ, ხომ გელათი ააშენა ქართულმა ხელმა,
აქ, ამობრწყინდა ჩვენი ერის ნიჭის ზეიმი,
მაშ, გაუმარჯოს იმერეთის დიდებულ კერას,
ცოლიკოურის ნაქებ ღვინოს, მოვლილ ხეივნის.



ავტ: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 27.05.2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი