ქალავ მთისაო (მთის მოტივზე)


მთაში გაზრდილო ქალთა მზევ,
ნეტავ რად მიცქერ მწველადა,
თუ ვინმემ თოლი შაგავლოს,
მე დაგიდგები მცველადა.

  თუ ვინმემ სიტყვა შაგბედოს,
შავთოლავ, ღაწვხალიანო,
ჩაგიკრავ გულის უბეში,
ღვთიანო, ლამაზთმიანო.

   ჩუმად მაგახვევ ნაბადსა,
ჩუმად შაგახებ ხელსაო,
ყოილო მინდვრად ნაშუქო,
თოლს რად უბნელებ მზესაო.

   გადაგატარებ კბოდესა,
ბილიკებს საშიშ კლდისაო,
ვერ მამყვებოდეს მდევარი,
ჩემი ხარ ქალავ მთისაო.

  შენს თავს მავტაცებ  სოფელსა,   
ალად ქცეულო ნიავო,
ღმერთია ჩემი მოწამე,    
რომ ვეღარ მაეჭვიანო. 


               სპარტაკ ყავრელიშვილი
                 თბილისი, 07.03. 2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი