დადუმებულხარ,სამშობლოვ
დადუმებულხარ, სამშობლოვ,
გულს დარდი გაწევს ლოდადა,
ფიქრნი ნისლებად დაგიდის,
დამწუხრებულსა ყოვლადა*.
კარზე მომდგარა ოსმალო,
ჩუმად, ქურდულად, ყასიდად*,
ფლიდად, ურცხვად და უტიფრად,
არაბს უნდიხარ საყიდლად.
მერედა ვისი ღალატით?
მერედა ვისი ხელებით?
გცვლიან და არად გაგდებენ,
გამოზრდილს ფერებ-ფერებით.
ღმერთო, აფხიზლე ქართველი,
რადგან არ უდგას დიდება,
შუქი ნანატრი მყოფადის,
თანდათან უფრო ბინდდება.
არც ერთმორწმუნემ დაგინდო,
სისხლით გიღება ველები,
ისევ ქართველის ღალატით,
ისევ ქართველის ხელებით.
ნუ დადუმდები, სამშობლოვ,
დარდს ნუ დაიდებ ლოდადა,
დასჭექე ბასიანურად*,
სანამ სული თრთის ლოცვადა!
სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 12.12.2025 წ.
ყოვლად* - სავსებით, სრულიად.
ყასიდად* (არაბ.) - ცბიერად, მოსაჩვენებლად.
ბასიანურად* - ბასიანის ბრძოლა 1203 წ. თურქეთის ტერიტორია ქ. არზრუმთან ახლოს. ქართველთა 90 000 - იანი ჯარი შეიკრიბა ჯავახეთში, ვარძიაში. სადაც თამარმა ეკლესიის აივნიდან დალოცა თავისი ლაშქარი. მეთაურები ქართველთა მხრიდან: დავით სოსლანი, ზაქარია მხარგრძელი, შალვა (სამცხელთა და ჯავახთა ჯარების მეთაური) და ივანე ახალციხელები. სელჩუკთა 400 000 - იანი ჯარი ბასიანში ელოდა. რუმის სასულთნოს( სელჩუკთა ანუ ოსმალ-არაბთა გაერთიანება) მხრიდან: რუმის სულთანი - დაუნდობელი რუქნ-ადინ სულეიმან შაჰი. იგი ამ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და არზრუმში გაიქცა. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, რამაც გააძლიერა საქართველოს ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი