სხვისი


გთხოვ, ნუ მაჯერებ,
ნუ მაჯერებ, რომ მე გიყვარვარ. 
რომ როცა მხედავ, გიჩქარდება გული ბავშვივით,
ნუ დამაჯერებ, რომ შენც გიჭირს ჩვენი სიშორე,
რომ უჩემობას დაატარებ შენც ხის ჯვარივით.
რომ როცა არ ვარ ჰაერი და სივრცე არ გყოფნის,
რომ სხვა ყველაფერს შენს სიზმრებში ჩემი ხმა აქრობს,
ნუ დამაჯერებ, რომ ამდენი ქარიშხლის შემდეგ,
ჩვენი თითების სულ პირველი შეხვედრა გახსოვს.
აბსურდი არის, რომ მიყვები როგორ გიყვარდი,
აბსურდი არის, რომ ღამეებს ათევდე თითქოს,
და ნუ მაჯერებ, რომ ყოველთვის როცა გცივდება,
აუტანელი მწუხარებით იხსენებ იმ დროს.
როცა მიყვარდი და წვიმაში, ქარში თუ დარში,
ყველა ამინდში მოვდიოდი შენს აივანთან,
იმ გაზაფხულის მერცხლებს ვგავდი, რომ ბრუნდებოდნენ, 
თბილი ქვეყნიდან, დაფრინავდნენ შემდეგ შენს სახლთან.
გამოიარეს რვა ზამთარი ჩემმა ხელებმა, 
ყველაზე ცივი, უშენობის რვა იანვარი, 
შენ კი გაფრინდი თბილ ქვეყნებში, იმ მერცხლებივით, 
ხოლო ჩემს სახლთან ამ წვიმებმა შვეს ნიაღვარი, 
და აღარ ვუცდი აღარც მერცხლებს ამ ჩვენს ქალაქში, 
არ მინახია გაზაფხულიც უკვე წლებია, 
რადგან არასდროს არ ბრუნდები ჩემო მერიემ, 
ხოლო შენამდე გაუვლელი დიდი გზებია, 
ასე სიშორით, სიმარტოვით ვკვდებით ორივე, 
ან უფრო სწორედ მე ვკვდები და შენ კი აგრძელებ, 
სიცოცხლეს, ისე ბედნიერად როგორც შეგფერის,
მე კი ათასჯერ დამსხვრეულ გულს ვეღარ ვამთელებ. 
ვკვდები, ამიტომ უძლური ვარ დროის წინაშე, 
არამაქვს ძალა რომ გიპოვო როცა გარბიხარ, 
შენ კი მაბრალებ მიტოვებას, რომ არ გეძებდი, 
მაშინ როდესაც ერთხელაც კი არ გინატრივარ. 
მე კი ყოველღამ გნატრულობ და ყოველღამ გელი, 
და ჩემი მხრებიც უშენობას დაატარებენ, 
ხომ ნათქვამია, ყვავილების წინ უნდა მოკვდეს ყველა პეპელა, 
თორემ სამ დღეში მიტოვებას დააბრალებენ. 
ალბათ ასეთი განაჩენი შეხვდაღ ჩემს თითებს, 
რომ ვეღარასდროს იპოვნიან შენებს დღეიდან, 
მძულს ქარიშხლები, ეს წვიმებიც რადგან ვერაფრით, 
შენი სურნელი ვერ წაშალეს ჩემი მხრებიდან. 
ახლაც ეცდები დამაჯერო რომ მე გიყვარვარ, 
მაშინ როდესაც არ ამცირებ ჩვენში მანძილებს, 
გული დამემსხვრა ას ნაწილად როცა წახვედი, 
და იმის მერე გამუდმებით ვეძებ ნაწილებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი