ის ერთი წუთი...


რა დაგემართა? ცუდად ხომ არ ხარ? რამე მითხარი, გიჭირს საუბარი?
112-ია დაგვეხმარეთ, მოხუცი ქალია ცუდად, არ ვიცი რა დაემართა , გთხოვთ,სასწრაფოდ მოდით,მგონი კვდება,იჩქარეთ ,იჩქარეთ,გთხოვთ!
ბებო,ნუ გეშინია, სასწრაფო გზაშია მალე კარგად იქნები, ხომ გახსოვს არაერთხელ გამხდარხარ ასე,არ შეგეშინდეს,გესმის?!
მესმის,მესმის ყველაფერი, ოჯახის წევრები, როგორ  მამშვიდებენ და თავადაც შეშინებულებმა  არ იციან რა გააკეთონ, წყალი,წამალი...არ შეგეშინდეს უკვე მოვიდნენ!
 მაგრამ რატომ, რატომ მშორდება მათი ხმები  ? სახეებიც სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ნუთუ  ვკვდები, განა ესაა სიკვდილი და ასეთი მარტივია იგი?! სულ რამდენიმე წუთის წინ არ შემოვედი ჩემი ფეხით საძინებელში და ახლა ,ახლა მგონი ვკვდები,ასე მარტივად სრულდება ყველაფერი? ასეთი ადვილია სულისა და ხორცის გაყრა? სულ ერთი წუთი, ის გარდამტეხი წუთი ,როდესაც სიკვდილი სიცოცხლეს ხვდება და იმარჯვებს . ალბათ, ესაა , ის წუთია სიკვდილს -სიცოცხლის ზღვარზე ,უკანასკნელად რასაც შევუგრძნობ: ბოლო ამოკვნესა, ბოლო ჩასუნთქვა , დაბინდული თვალებიდან უკანასკნელი მზერის შევლება საყვარელი ადამიანებისთვის და კვლავ: ხმაური, ქაოსი ,ცრემლი. ალბათ, ასე იყო ჩემი დაბადების დროსაც :ქაოსი, ტკივილი და შეიძლება ცრემლიც , ოღონდ სიხარულის ,ახალი სიცოცხლის   მოვლინების , სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების  ცრემლი და დღეს ,დღესაც ცრემლია , ოღონდ სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვების, უმწეობისა და ტკივილის .
ბუნდოვანი სახეები სრულად გაშავდა ,ვეღარაფერს ვხედავ,  ხმაც უფრო მშორდება, ნუთუ ესაა სიკვდილი და ასეთი მარტივია ,ნუთუ?!
სულ ახლახანს არ იყო დაბადება ,ბავშვობა ,ომი, ომში წასული მამა და დედის იმედად დარჩენილი ხუთი შვილი. შიმშილი ,ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის , ხუთად გაყოფილი ქერის პური  და დედა :"თქვენ ჭამეთ, მე არ მშია "  , და მაინც , ეზოში ლაღად მორბენალი გოგო.ოჰ, როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც სოფლის მდინარეში ძმები თევზს დაიჭერდნენ , მაშინ  დედაც დანაყრებული წვებოდა  და იმ ღამეს შიმშილით  შეწუხებული  არავინ მიიჩქაროდა საწოლში ძილისთვის რომ შეეფარებინა თავი. 
შემდეგ, შემდეგ რა იყო? ვიხსენებ,ვიხსენებ დამელოდეთ, მომაკვდავს მიჭირს აზრების თავმოყრა ,მომიტევეთ!  სკოლა,სკოლა იყო შემდეგ ,სწავლაზე შეყვარებული პატარა გოგონა ,მაგრა უნდა შევწყვიტო, ოჯახს საშუალება არ აქვს  ,უმჯობესია ძმებს ვასწავლოთ. შემდეგ, შემდეგ რა იყო? 
-ნუ გეშინია მალე კარგად იქნები,ბებო! 
სადღაც შორიდან კვლავ ჩამესმის შვილიშვილის ხმა . რა დროს ესაა დამაცადეთ, უნდა გავიხსენო  რა იყო შემდეგ? არც არაფერი :შრომა , ბევრი შრომა  და ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის .აგერ ჯავახური მიწურიც მოურთავთ ,ირგვლივ ნაირფერი ხალიჩები აფენია ,სუფრაც გაშლილია, თეთრ კაბაში გამოწყობილს გვერდით მომისვეს  ახალგაზრდა შავგვრემანი კაცი, რომელსაც მხოლოდ მეორედ ვხედავ . შემდეგ ,შემდეგ რა იყო? ტკივილი, ტირილი, ცრემლი კვლავ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ცრემლი და ასე ,ჩემი და ჩემი შვილების შობით ოთხჯერ დავამარცხე სიკვდილი.
შემდეგ,შემდეგ რა იყო, აზრები მერევა ,მოგონებები  ფრაგმენტულად მოდიან , თითქოს ფილმს ვუყურებ ,რომლიც პერიოდულად წყდება .ოო,გამახსენდა ,  კვლავ შრომა ,მუხლჩაუხრელი შრომა, შვილების აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა ,ქორწინება  და ისევ ტკივილი, ცრემლი ,ახლაც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ცრემლი ,შვილიშვილები, ერთი,ორი ...მათ აღზრდაში მონაწილება და ტკბილი სიბერე.
შემდეგ რა იყო? სულ უფრო მიჭირს გახსენება ,გონება მებინდება , ხმებიც თითქმის აღარ ჩამესმის .კვლავ ცრემლი ,ტკივილი ,თუმცა ახლა სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვებისა ,მეუღლის სიკვდილი ,რას ვიზამთ ,მთავარია შვილები...მაგრამ ,რისი მეშინია? რას გავურბივარ ?მკერდში მომაკვდავიც კი რაღაც გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ , ენით აღუწერელს ,იმაზე ძლიერს ვიდრე მისი გაჩენისას, იმ დროს  ხორცი მტკიოდა ახლა სულია.მას შემდეგ ,სამყარო ჩემთვის ნაცრისფერი გახდა , სხეული დავრჩი სულის გარეშე და დღეს ეს სხეული,გვიანი შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლივით კვდება .
უეცრად კადრი წყდება, დასრულდა , ვეღარაფერს ვიხსენებ ,თუმცა კი ვცდილობ .
ხანმოკლე ყოფილა ადამიანის ცხოვრება ,იმაზე ხანმოკლე ვიდრე მეგონა, ხომ ხედავთ იგი მხოლოდ იმ რამდენიმე წუთში ჩაეტია , სიკვდილ-სიცოცხლის უკანასკნელ შებრძოლებისას რომ ვიხსენებდი.თვალწინ ჩამიარა , როგორც კაპალდის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა , და იმ უკანასკნელი ამოსუნთქვისას ,როდესაც სული ხორცისაგან გასაყრელად ემზადება :გონება იბინდება, გრძნობა ირევა  , სხეულს ვეღარ გრძნობ ,აღარც მოგონებებია , არც შიშია და არც ტკივილი,უბრალოდ სიცარიელე.
ხედავთ ? სიცოცხლე არაფერი ყოფილა და სიკვდილი ? მკითხავთ ,მით უფრო არაფერი ყოფილა იგი.
დაგვეხმარეთ ექიმო, გთხოვთ ,გადაარჩინეთ!
დასრულდა , სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია ,გარდაცვალების დრო 10:40 ,ვწუხვარ!
ბებო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი