სიყვარულის ქურდი


ჰორიზონტს გაცილებული მზესავით
დღის მეორედ გათენებას ველი —
ისევ იმავე მზის
ნაზი კოცნით აჭრელებულს,
მხოლოდ ტალღების გალობა მესმის.

წამის მეასედში აბობოქრებული
შავი ზღვის წყალი
აშენებულ ციხესიმაგრეს მინგრევს
და იმ რწმენებზე აგებულ ისტორიებს,
ბუნებასთან ჰარმონიაში რომ ვქმნიდი.

ნაპირზე ქვად ქცეულ
გატეხილ მინას ვგავდი —
გლუვი კიდეებით,
ალისფრად უცხოებში გარეული,
მაინც ხილულად ვჩანდი.
და, ნებით თუ უნებლიეთ,
ერთი ხელიდან მეორეში
სხვის ისტორიებს ვწერდი.

ჯერ მთლიანი გამტეხეს
და დინებას მიმანდეს.
ბასრი გამგლუვეს,
მლაშე წყლებს გამაყოლეს.
შემაფერადეს
და ნაპირს გამიშვეს.
ჯერ ბზარდაუდებელი —
უკვე გამკაწრეს
და გამაუფერულეს.

მპარავენ ქურდები
წყალში მარტოდ შეძენილ იარებს —
თითქოს კურნავენ.
მპარავენ იმას, რაც ჩემია:
სიყვარულს,
რომელიც ჩემთვის ვისწავლე
და სხვისთვის არ მიმინდია.

არ მინდა ვალამაზებდე
უსიცოცხლო სხეულებს მარად —
არც თილისმად,
არც თხელ ბაწარზე აკრულ მძივად.
დინებას აყოლილი;
დაე, დავტკბე ზღვის ანარეკლში
იმით, რასაც შენ მპარავ
და რასაც მე გწირავ.

ფრთები უნდა შევისხა —
მაგრამ შორს არა.
ვიცი, ალისფრად გჭრი თვალს,
გინდივარ მარად,
მაგრამ მხოლოდ მზე მაბრჭყვიალებს
ასე კაშკაშად და ნაზად.

ქურდო, ნუ მატყუებ —
არ მივეკუთვნი
შენს ბნელ, ჩაკეტილ ლარნაკს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი