დადევნება იყო გვიანი


ბედნიერებას იმ დღეს ეცვა
უბრალო კაბა,
მხრებში მოხრილი მიდიოდა
პატარა შუკით,

თვალებში ედგა უჩვეულო
სინათლის შუქი, –
რაღაცა ძნელი სიხარული
მიჰქონდა, ალბათ.

ჩავუარე და არ შევჩერდი,
არ გავყევ უკან,
მხოლოდ ღიმილი შევაგებე
თავაზიანი,

მოვიხედე და...
დადევნება იყო გვიანი, –
უკვე გაევლო გასავლელი
პატარა შუკა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი