იწვის და ანთია


წარმართის ბეჭედი
მე დასტურ არ მაზის,
თუმც დამდევს ზმანება
იმ ძველი არმაზის,

სადაც ქვესკნელიდან
ხმა ისმის ზემოთ:
– ზევახ,
სიცოცხლეო ჩემო!

და მოდის ეს ვნება
გულებში თარეშით,
როგორც მყვირალობა
ირმების არვეში;

ბნელ საუკუნეთა
ღამე რომ ათია,
იწვის და ანთია,
იწვის და ანთია,

ამ თვალთა მიმტაცი,
ამ გულთა მიმტაცი,
მშვენება კარპაკის
და სერაფიტასი,

რომლებმაც ოდესღაც,
ერთ ღამეს მთვარიანს,
იმღერეს ტრფობის და
სიცოცხლის არია,

და თუმცა წავიდნენ,
მაინც აქ არიან,
შემორჩნენ ჟამთასვლას
მზიანს და ქარიანს;

და ღვთიურ განგებით
ანთია ლანდები,
ლანდები შორები
და განუშორები;

და ალბათ ეოლის
გრძნეული ქნარია,
რომ ეხმატკბილება
იმ უკვდავ არიას;

ეს გრძნობის სიმძაფრე
და სინარნარეა,
და ქარმაც ამიტომ
სხვაში არ გარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი