სექტემბრის სუნია
სექტემბრის სუნია მსუბუქი, სამყაროს უმიწო თრთოლება... შორია ფერები თუნუქის, სიცოცხლე ჩამოდის ფოთლებად... სავსე მაქვს თვალები ტემპერით, ქვიშაში ლოდინი ბანაობს... ღრუბლები მოდიან __მტრედები, სულმნათი შემოაქვთ საღამო... სურნელში ვეხვევი ფიჭვების, არგანცდილ ფიქრების რტოებით, ცის სულში ჩიტივით ვიჭრები და მერე ქვასავით ვშორდები... გავხედავ ცვილისფერ ირგვლივეთს, ხეები დადიან მზეებად, სიცოცხლის არსებად მიღირს მე ყვითელის ამგვარი შეხება... და სადღაც სულეთის იქითში თელავენ იისფერ კოინდარს, წამოვა მე რომ მსურს ის თქეში და ელვის ყვავილებს მომიტანს... სექტემბრის სუნია მსუბუქი, სამყაროს უმიწო გონება, შორია ფერები თუნუქის, მზეები მოდიან ფოთლებად... 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი