სექტემბრის თვალებით


ამ ფოთლებს, ამ ქუჩებს, ამ ხეებს,
წავიღებ სექტემბრის თვალებით...
აწმყოც კი "ბომჟივით" ახველებს,
ვმთავრდები, ვმთავრდები, ვმთავრდები...

დღეები იმაზე მეტია,
ვიდრე გსურს ამქვეყნად დარჩენა.
ხმამაღლა არაფერს გეტყვი და
გამკივან ლექსებად გავშრები...

და ქარი წამიღებს მე – ფოთოლს,
სარჩენად მშიერი მიწების...
უსულო არავის ვეგონო,
როდესაც ფოთლებქვეშ ვიწვები...

და მერე ჟამიან ხეობებს
დავხედავ უჟამო არსებით.
მძიმეა – თავიდან მჯეროდი
და მერე ვერ ვპოვე მსგავსება...

მე სიღრმეს ვაპურებ ორთქლიანს
სიბნელით, ქვიშით და მარილით...
და მღვრიე გონებას კოცნიან
ფერები უსახოდ ჩავლილი...

ამ ფოთლებს ამ ქუჩებს, ამ ხეებს,
ვნებდები სექტემბრის თვალებით...
მე ყველგან ვიწყები და მერე,
სუსხიან გრძნობებით ვმთავრდები...

2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი