ნეტავ შემოდგომა ვიქნებოდე
ნეტავ, ჩემი სული ქარვად დაიღვრებოდეს, შემოდგომა ვიყო და მზიან ხელებს მტვერში ვაფათურებდე, ჟანგისფერი ზურგი მქონდეს და ოხრადაფენილი მკლავები... თაფლისფერი თვალებით მზის ჟანგს ვისრუტავდე, უნაბისფერი თითებით აბლაბუდებს ვკრეფდე, ობიან ფეხებს კუნძებზე ვიშრობდე... მაყვლის ბუჩქთან ვფითრდებოდე, ტუჩებს მაყვლის წვენით ვიღებავდე, ასკილის სულს ვგრძნობდე და მის ხმელ პწკარებში წითელ ჩიტად ვიხლართებოდე... ველური ქარივით კაკალს ვბერტყავდე, მზესავით, ჩალის ღერებში დავიარებოდე, სათივეში მეძინოს და კალთაში პატარა ლოკოკინებს ვაშრობდე... ჟანგიან თმას წურბელებით და ძურწებით ვივსებდე და ჩემი არსიდან ნესტის ჭიები ამოდიოდნენ... მესეოდნენ ფარვანები, როგორც ნაკლებად სასურველი სტუმრები, დათრთვილულ კაბაზე ოქრომკედად მექარგებოდნენ... ხელში თეთრტარიანი დანა მეჭიროს და საქათმესთან წითელ, დამჭკნარკანიან, ტკბილ ვაშლებს ვთლიდე, თიხისფერ ფურებს ვუვლიდე... თიხიდან კი, ამოისახებოდნენ ადამიანები, ჩემგან შორს, მიაშურებდნენ უდაბნოებს თაკარა მზეში გამოსაწვავად და ჩიტების საჩრდილობლებად იქცეოდნენ... და მე დავღვრიდი ოქროს წყლებს, სანამ რბილ ხავსებზე მოვილოგინებდი, ხმელი ფოთლების გასაჩენად... 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი