ფიჭვის ხეო
ფიჭვის ხეო, ფიჭვის ხეო, შენს თბილ ხმაში შემიყვანე, შენს სირბილეში... ოქტომბრის მზე რომ მოგეხვევა, ყოველ საღამოს, სულს რომ გაგითბობს, ის ტკბილი სითბო მეც მიწილადე... თბილ ტანს პეპლებივით მოცახცახე, წითელი ფოთლებით აგივსებს ოქტომბრის ქარი... იმ ფოთლების ჩურჩული, იმ ფოთლების სუნთქვა, სახეჩრდილიანს, ტოტებდაღლილს, მეც მაგრძნობინე... მომხვიე წელზე შენი ცვილის ეიფორია, შენთან ერთად, შემოდგომის ჟრუანტელში ვარ დაკარგული... სინათლის ნათითურებს გაჰყევი და დამტოვე მზესთან, ჩემი სიზმრის კარიბჭესთან... კოცნით ამივსე ეს თვალები – შენი სულის სანიშნეები და მიმღერე: "თაფლისფერო ფიჭვის ხეო, თაფლისფერო ფიჭვის ხეო, ტყიდან შენი ლანდი მოდის, ჩემს ლანდს გაჰყევი"... მიმღერე, მიმღერე ჩემო ფიჭვის ხეო, სანამ გავიღვიძებ, სანამ შენი გზიდან გავქრები... 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი