ნეტავ ქარში ვიდგე...


ნეტავ ქარში ვიდგე, 
ცა წითლდებოდეს,
ბინდბუნდისფერი ჩიტები მხრებზე მასხდებოდნენ 
და სიყვარულის მწვანე შუქს მივყავდე დავიწყებამდე....
ჯერ არაფერი იყო, 
მერე დინოზავრები მეფობდნენ, 
მერე ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში დედამიწა, 
გული გამოაცალეს... 
ახლა ქაოსი მეფობს..
სიყვარული არ უნდათ ადამიანებს, 
ღმერთი არ უნდათ,
მეფობა სურთ...
რამდენი ანტიქრისტიანი მეფეა, 
რამდენი მწვალებელი ჭკუის კოლოფი...
მათ წამებული ქრისტე სტკივათ,
მაგრამ ვერ ხედავენ მეორედ შობილ ქრისტეს, 
ისევ ცოდვილთა გადასარჩენად დაბადებულს,
რომელსაც ჯვარზე გაკრულსაც კი არ იწამებენ...
ღმერთო რამდენი სინათლეა 
და კაცობრიობას მაინც დახუჭული აქვს თვალები...
დაღლილი ვარ...
მინდა ხეების ხმაში შევსახლდე
და ლექსებად ფოთლების სიყვარული ამოვიტანო...
მერე ვინ ვიქნები?
მინდა ფარსმანდუკების სიყვარულს ვხატავდე
და არ ვფიქრობდე ვინ ვარ...
მინდა ტყის ვიყო და გუდაფშუტა სოკოებით
მთელ სამყაროს წყლულები მოვურჩინო...
მერე გამოჩნდება ვინმე მადლიერი,
სულს შემიბერავს,
როგორც ბაბუაწვერას და გავიფანტები...
მერე რად დავრჩები?
რომელი სიტყვა მომერგება?
ან იქნებ სიტყვები არცაა საჭირო,
იქნებ ჯობია გავჩუმდეთ 
და მთელმა სამყარომ 
უფლის ენაზე ისაუბროს...

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი