ახლა მზე სამყაროს ხმაზეა მიდგომილი
ახლა მზე სამყაროს ხმაზეა მიდგომილი, ცა ჰგავს ანგელოზის პერანგს... შიშველ კლდეებს თეთრ ხაზებად გასდევს მზის მარილიანი ნაცრემლარი... ამ მინდვრებზეც გაუვლია, ბალახთა შორის დაუტოვებია ყვავილებიანი ნატერფალი... მდინარესთანაც ჩამომჯდარა დაღლილი და ყაყაჩოების კოცონი დაუნთია... მიდიან მენელსაცხებლე დედები სამყაროს ჟამთან... რუხი თავსაფრებით დაუბურავთ ხორბლისფერი დალალები, სიმწრის ქარს მათი თვალები დაუშრია, ვეღარ შესძლებენ ტირილს... სიმწრისგან სხეული დაშრობიათ, აღარ გამოუვათ სისხლი... მათ საწიერში ცხელი უდაბნოებია, არსად ჩანს უკან დასაბრუნებელი, იისფერი გზები... იისფერი ბროწეულები შავ ღამეებად დახეთქილან, ჰაერიდან ჟონავს სიცისფრე... საცაა დუმილის მარწუხები გაწყალდება, ცა გაიხსნება და მიინავლებს ქრისტესისხლასფერი გაოცება – სამყაროს ჟამი... 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი