ხანდახან ჩემს ლექსებს თოვლისფერი თვალები აქვთ


ხანდახან ჩემს ლექსებს 
თოვლისფერი თვალები აქვთ,
გაცრეცილ სახეებს მოლანდებებივით დაატარებენ,
გონი ეღლებათ და 
მტრედების დაპურებასაც ვერ ახერხებენ...
ხან ისე მწარედ ეყინებათ ტანები,
სითბოს არსებობა სრულიად ავიწყდებათ,
ამ დროს მეც ვერ ვრძნობ ჩემს თავს...
სადღაც, 
შემოდგომის მიწურულში ვდგავარ და 
ჩემი სხეულის საკნიდან სიმწარეს ვაცილებ...
გუშინ წასული მზე აღარ დამბრუნებია,
ბუნდოვან სიცისფრეში დაიკარგა და 
ლანდები გამომიგზავნა...
ჩემთან არიან ის ლანდები, 
თავს არ მავიწყებენ, 
თავს არ მანებებენ...
ერთხელაც ავდგები და 
ყველა იმ ქუჩას მივატოვებ, 
სადაც მიხაროდა...
იმ ფიქრებს დავივიწყებ, 
რომლებმაც, 
მოდილიანის სევდა გაუსაძლისად ამატკივა...
იმ სიყვარულს დავივიწყებ,
რომელმაც მაგრძნობინა პაოლოს მზისფერი ხმა...
ნეტავ, მუდამ მოდიოდეს გაზაფხული და 
ალვების რიგში
ჩემი სულისფერი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ,
მუდამ მოდიოდეს ზაფხული,
ჩემი ბავშვობისფერი ზაფხული...
მუდამ მოდიოდეს შემოდგომა,
ჩემს ლექსებში ჩაბუდებული შემოდგომა...
ნეტავ მუდამ ზამთრდებოდეს და 
ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ზამთარი 
მახსენდებოდეს...
ვერ გავანაწილე ჩემი დრო და სივრცე,
პოეტის სული დროსა და სივრცეში არ განისაზღვრება...
ვერც მრავალფერი ემოციები გავაერთფეროვნე,
ერთფეროვნებაშიც უთვალავი ფერი მაქვს...
მე დავიტიე სამყარო,
სამყარომ ვერ დამიტია...
სხეულს თუ გავიხდი, 
ხელში ემოციების სამყაროდ შეგრჩებით...
ჩემი ერთგული და მრავალფერი სული 
რად უნდა ქვეყნიერებას?
არც ფულზე გაიყიდება, 
არც ნივთებზე გადაიცვლება. 
მხოლოდ სიყვარული იცის,
მხოლოდ სიყვარული უნდა,
მხოლოდ სიყვარული შეუძლია...


2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი