ახლა ისევ იმ ძველ ფანჯრებთან რომ ვიდგე


ახლა, ისევ იმ ძველ ფანჯრებთან რომ ვიდგე, 
საიდანაც, ოდესღაც, წარსულისა და მომავლის 
გზაგასაყარს ვხედავდი,
ისევ გადავწევდი სქელ, მტვრიან ფარდას
და ოთახში 
გაზაფხულის შხაპუნა წვიმის ხმას შემოვიყვანდი...
ძველ, ხის იატაკზე, მკვდარი, 
გამხმარი ღამის პეპლები ეყრებოდნენ,
რომელიმე ზღაპრების წიგნს გადმოვიღებდი 
ხისფერი თაროდან...
გამახსენდებოდა,
რომ ჩემი ფიქრები არავისას ჰგავს,
რომ განუმეორებელ გრძნობებად მოვედი და 
ოკეანეებივით, 
ჩემი გრძნობებიც არ დაშრებიან...
რომ ჩემს დაუსრულებელ არსებას 
ვერაფერი წაშლის,
ჩემი დაუსრულებელი არსება 
პოეზიის უსაზღვროებას შეუხორცდა...
მე მხოლოდ ჩემი ლექსები მგვანან,
მე მხოლოდ ჩემს ლექსებს ვგავარ 
და საყვარელი ადამიანივით მიყვარს ჩემი ბავშვობაც...
თითქოს სამყარო მე კი არ გავიფიქრე,
თავად სამყარომ გამიფიქრა...
რამდენი ფიქრიც მაქვს, 
იმდენი სიყვარული მაქვს...
და თუ ოდესმე გავგიჟდები, 
სიყვარულის სილამაზე გამაგიჟებს...
ჩემი ყოველდღიურობა ოქროსფერ სიზმარში მიირწევა,
რა ძნელია ვიპოვნო საერთო, ყოფიერების ჭუჭყთან...
ჩემთვის იოლია, 
ყველანაირი ტკივილი თუ სიმახინჯე,
სილამაზის უმაღლეს რანგში ავიყვანო...
სიმახინჯეს მხოლოდ ბოროტებაში ვხედავ და 
ჩემგან შორს მყავს განდევნილი...
ისეც ყოფილა, 
სიცარიელეც კი აღარ მქონია
და მაინც სადღაც გავუტაცებივარ 
ჩემივე ეიფორიების სინამდვილეს...
ვერაფერმა წაშალა ჩემი მხატვრული სული,
ჩემს მთელ არსებას პოეზია მაგრძნობინებს 
და არაპოეტურად ყოფნაა ძნელი...

2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი