გამოღვიძება
ვიღვიძებ სადღაც,- აშლილი ქარით...
მახსოვს ყოველი და ისევ გელით!
შენ, და შენს შიგნით აშლილი ჯარი-
ათას ხუთასი ფარისეველი,-
არ ჩანხართ ისევ!
არ ჩანხართ ჯერაც...
სიტყვას,- მოგზავნილს, ნალესს ეშვივით,
როგორც მშიერი... მშიერი ძერა,-
ისე ვაწვალებ ფიქრში, ლეშივით
და წამსვე ჩნდება ქათქათა აბი,
(სულის სახსნელი სიამე, ვისთვის...)
როგორც მოძღვარი, მეწამულ კაბით,-
უკანასკნელი ზიარებისთვის!
და ისევ მოდის ეს ანცი რული.
და აზრის ხროვა, დაწნულ გოდორს ზედ,
ისე ხვავდება, ვით განწირული,
ცადასაზიდი, ფიქრი- გოდოლზედ!
შორს, სადღაც, ძვლივსღა მოჩანს ამ ხვატში-
ცერემონია,- გრძნობის დაკრძალვის
და გონებაში- ეს ჩანახატი,
უწყვეტ კადრივით მოდის და კრძალვით
ნაგროვებ ყველა სიხარულს იხვეტს!
(ვინ გაუბედავს და ხელს ვინ ახლებს...)
ისე ხმაურობს- გონებას მიხვრეტს,
თავდაჭერილად მწველი სიახლე!
და მზეზე ვათრევ ვნების ხარიხას...
პასუხად კითხვის- რა მოიგონე?-
შენ კვლავ მოჰყვები მხეცურად ხარხარს,
რომ არ არსებობ,-
გამოგიგონე....
და მე ვიღვიძებ, დაშლილი ქარით...
ო, ისევ... ისევ... და ისევ გელი...
ჰო, შენ!-
შენს შიგნით ამოშლილ ჯარით-
ათას ხუთასი ფარისეველით!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი