ჭაღარა ქალაქს
მე ისევ ვუთმენ,- ვუთმენ ამ შეშლილს,
ჭაღარა ქალაქს და კვლავ მაბოდებს...
და როგორც ჰკრავენ- ნაკუწებს შეშის,
ისე ვაგროვებ მე მის ნაფოტებს!
დაიტევს, ნეტავ, შლეგად-მომგვანო,-
ეს გული, ცივი და დარეული-
რომ მასზე ფიქრმა, ერთად მომგვაროს-
თრთოლვა და ზიზღი გადარეული,
რომ ალუბლების საყურით ყურზე-
ისე ვუსმენ და ისე ვდარაჯობ,
როგორც მეველე- უმწიფარ ყურძენს...
როგორც მეველე- ყურძენს და რა სჯობს,
თუ დღეებს ვავსებ უშინაარსოდ,
მსგავსად სტატიის, როს გაიელვებს,
რომ ამოავსოს, ავსოს და ავსოს,
შემორჩენილი სიცარიელე!
და ეს ქალაქიც მითმენს! და ითმენს-
შეხებას ხელის- აღარა თბილის!
და... გულიც, ალბათ, იმდენს დაიტევს-
რამდენიც ძალუძს ჭაღარა თბილისს!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი