ალუბლების ქუჩის კუთხეში...


ძველი კონვერტი შორიდან მეტრფის 
და გაუხსნელად ისევ დუმს ხელში...
ო, მე კვლავ გნახავ შანდორ პეტეფის
და ალუბლების ქუჩის კუთხეში!

ახლა ეს თრთოლვა და ვნებაც ისევ,
ალბათ, სიყალბით მოჰგავს ფიანიტს...
მაგრამ ეს მხრები...-
                                           მყიდიან ისე,
როგორც თითები დამწყებ პიანისტს...

ჰო, მესმის უკვე ხმები მე, ტერფის 
და ნაბიჯები მძიმე,  უხეში...
   ო, ისევ გხვდები შანდორ პეტეფის 
და ალუბლების ქუჩის კუთხეში!

შენ ღელავ, ალბათ, ახლა...
                                              ო, ისე...
თან სანთებელას ეძებ ხელებით...
ალბათ, ჩემს სუნთქვას ისევ მოისმენ 
და გამაღვიძებ მძაფრი ხველებით...

მკლავს ეს კონვერტიც...- მე როგორ ,,მეტრფის"...
შინ, ჩაფიქრებულს,- ტუჩის კუთხე მშლის!
  ო, ისევ... ისევ... შანდორ პეტეფის
და ალუბლების ქუჩის კუთხეში...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი