წერილი ნერუს


ჩემთან წვიმებია, იცი?- ნინო!
ჩემთან ცივა... ცივა, მეგობარო...
(ახლა, ალბათ, ჩემზე იცინიო...
ფიქრობ,- ვის შესჩივლებ, მე რომ არო...)

ფიქრი... ბუხარი... და ნეშოები...-
მსურს, ჟამს...
            (წაკითხული, ერთი ლექსიც...)
ჰოი, ახლა, როგორ მეშორები...
(სადღაც საათივით- ხუთის... ექვსის...)

ვწერ და უიმედოს (სულ რომ მიშლი...)
მწამს, მე, სიტყვას მომწერ- იმედიანს!
იქნებ, შენ მანიშნო- ვინ მომიშლის,
შუბლზე რომ მატყვია- იმ ერთიანს...

და, თან, ფურცლებს შორის, მათენდება.
წივის წამოშლილი- ყველა ცოდვა...
  (ახლა, ისე ურცხვად მახსენდება-
   შენგან ხორცშესხმული- ჩემი ბოდვა...)

მაინც, ამ სიშლეგეს არ თმობს სული,
სერზე რომ ჭიხვინებს- იმ ჭაკივით!
ვზივარ კალმით ხელში,- 
                                          მარტოსული,
სკამზე მიგდებული პიჯაკივით

და განა დაგქანცავ- დაჩივლებით...
განა, რამეს დავწერ,- ,,ორ-მეტრიანს"...
   ცოტა წავიტირე და ჩვილივით
მცივა- 
               აქ ნოემბრის თორმეტია...

და ეს ქარიც წივის... ალბათ, ჩემობს,
ჩაფიქრებულ თაღებს,- ქარაფების!
    განა რამე, მსურდა, ნერუ,- 
                                                            ჩემო...
      განა რამე... 
                                ისე...- 
                                           არაფერი...

(ახლა, ალბათ, ჩუმად იცინიო...
ფიქრობ,- ვის შესჩივლებ, მე რომ არო...)
ჩემთან წვიმებია, იცი?- ნინო!
ჩემთან ცივა... ცივა, მეგობარო...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი