,,ნოემბერში... ნუშის ქუჩის მახლობლად..."
ახლა, ჩემთან, ნოემბერი ილევა...
ჩემთან, ახლა, ძალას ჰკარგავს ველთა მზე...
და ფოთოლი, აზრთა მსგავსად ირევა-
ყველა მიდის
კეკელიძის კვეთაზე...
ახლა, ჩემთან, ნოემბერი ილევა...
და ყოველ მგზავრს- პანამით, თუ ,,ბლანჟეთი"-
ვაკვირდები.
(მერყეობა...
დილემა...)
(პიჯაკები... პიჯაკები... მანჟეტი...)
ახლა, ჩემთან, ნოემბერი ილევა...
და როგორმე გავუმკლავდი ხალხს, თუკი...-
(უკვე ქვაფენილს ვაბიჯებ...)
(იელვა.)
(მანჟეტები... მანჟეტები... ჰალსთუხი...)
მივუყვები, ისევ- ,,პოსტ- ალიონი"
(პარიკები...
პარიკებმა...
პარიკებს...)
და...
(ნაცნობი...-)
იგი, ფოსტალიონი,
(მოღალატე!-
სხვის წერილებს არიგებს!)
ახლა, უკვე, სხვის წერილებს არიგებს...
ალბათ, ახლა, სხვისი უყეფს, ნაგაზი...
ჩანთით მისდევს ხეთა ჯარებს და რიგებს...
(სანთებელა...
სიგარეტი...
ნაფაზი...)
(წყდება ფიქრი... ,,წყდება"... ჰმმ-
თავს ვაძალებ...)
,,და გონება გონებითვე იშანთა..."
ყოველ გამვლელს ეჭვის მზერით ვაცილებ-
მარტო ვდგავარ ბარნოვის შუქ'ნიშანთან!
და, ვიხსენებ,
(ისევ მარტო.
და- ობლად...)
ცივ ნოემბრის, კალენდრის სულ ქვედაზე...-
ჩვენს შეხვედრებს, ნუშის ქუჩის მახლობლად-
ბარნოვის და კეკელიძის კვეთაზე...
ახლა, ჩემთან, ნოემბერი ილევა...
ჩემთან, ახლა, ძალას ჰკარგავს ველთა მზე...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი