,,წერილი ნერუს..."
ნერუ, ჩემო!
მეგობარო, სულის...
ვზივარ, ველი და ინათებს როს ცა-
მოგწერ!
ახლა, თვალწინ მიდგას სულ ის
დღე- პირველი, გაგიცანი, როცა...
ცხელი ჩაი, ალუბლები- ჯემში,-
არ მტოვებენ! და ღრუბლებიც იმ ცის...
ჰე! რაც იყო სევდიანი ჩემში-
მე ვარ მკვლელი! მე მოვკალი, იცი?!-
ნერუ, ჩემო!
ახლოვდება დღე ის,-
როს სამყაროს მოევლინე... ჩვენმა...
(გარეთ, წვიმა, ჰე, რთველისას მღერის
და ფანჯრებში შემოჟონა წვენმა...)
ჰე, უშენო, აჭრიალდა, კარი
და ფიქრებში უთავბოლოდ გართულს,-
ხმელ დარაბებს როგორც მიმტვრევს ქარი-
ისე ვამტვრევ, მწამს, ახლა, მე, ქართულს...
ნერუ, ჩემო!
ქარი მიქნევს ტორებს...
მეგობარო, ქრისტეშობის, შენ, თვის...
ჰე, ფუნჯები დამეღალა, თორემ...
თორემ, ლურჯ ცას დავხატავდი!-
შენთვის...
(ვხატავ ახლაც, განა აღარ ვხატავ!
და ნატურა- ეგო... გზა... ლარჭემი...
თუმცა, ისე არ გამომდის...
(ვხრი თავს...)
ჰე, თვითრწმენაც მე მოვკალი, ჩემი!
დავიბენი, (აღარ ვიცი, თუ მწამს...)
ამბიონზე, როგორც წმიდა ბერი!
ხატვით- ახლაც ვხატავ, ზოგჯერ..., თუმცა-
პალიტრაზე შემიმცირდა ფერი...
ნერუ, ჩემო!
მეგობარო, ჩემო!
მეგობარო, ჩემო, ქრისტეშობის...
დავლევ შენთვის (ვადღეგრძელებ- ჩვენ ორს!)
და მარჯვენას გიდღეგრძელებ მშობლის...
...და დღეს- ჩვენი,-
მეგობრების შერთვის!
...და სურვილებს!
სურვილებს და სურვილს!-
ყველა სურვილს ვისურვებდი შენთვის,
ნერუ, ჩემო!
მეგობარო,
სულის...
ფოსტალიონს დავაძალებ თუმანს
სიჩქარისთვის... ველოდები თეთრ მზეს...
ველი, ახლა და ინათებს, თუ არ-
ამ ყველაფერს გადავიტან თეთრზე,
ნერუ, ჩემო!
მეგობარო!-
,,დუმან"!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი