,,მოვა ზამთარიც..."
ყველგან დუმილი... მხოლოდ პუჩიკი უკრავს და წყდება, შემდეგ, ხმა იმით- როს ,,მე" გადაჰკრავს ას გრამ პუნშს ჭიქით და ეს დუმილიც ხდება ხმალივით... წვიმს. ვიდრე, მშვიდი, ეს ცა, მოურევს ღრუბლებს და... (წვიმა ო, ძალას იკრებს!) მოვა ზამთარიც და წამოურევს თეთრეულივით დაკეცილ ფიქრებს... და წარმოვიდგენ მე, ისევ, თაფლის, ო, სანთლის მსგავსად ჩამოქნილ სხეულს... და გადმოვიტან ხავერდებს და პლისს- საკაბედ, შენთან და კიბეს ხვეულს ავყვები, ისევ, ფიქრში. ამ მინებს დალეწავს ქარი ურცხვად და ჯიქურ! და შენ მოჰყვები პირჯვრებს, ამინებს და მიაწყდები, მახლობლად, ჯიხურს... ო, მებრძვის ჟინი... გოდება- ორთა...- როგორც ზღვის ტალღებს ებრძვის კატარღა... და რჩება პუნში ოდენ აორტას, ვით მიტოვებულ ცივ სახლს კატაღა... წვიმს, ისევ. მშვიდი, ეს ცა, მოურევს ღრუბლებს და... (წვიმა, ო, ძალას იკრებს...) მოვა ზამთარიც და წამოურევს თეთრეულივით დაკეცილ ფიქრებს... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი