მზის დაბადება. წერილი ნერუს...
,,უჩვეულოდ ხვავრიელი თოვლი იდო თბილისში,
მეგობარო, ზუსტად იმ წელს!- ბარბარობის დღე იდგა..."-
ვწერ და ვღელავ... იწვის, დნება, ეს სანთელიც- ცვილის... შინ
კი, ისევ, მე- უცვლელი,- ტერფამდე და თხემიდგან,
ველი თორმეტს!- და დადგება დღე, როს იშვა, იგი!- მზე!
როცა გაჩნდა ქვეყანაზე მეგობრობის თილისმა!
და ყოველი სიყვარულის, ერთგულების იგავზე-
მაგონდება ნერუ, ჩემი- (აჰ, შემინდოს თბილისმა...)
,,იცი, ნერუ, რომ მე შენგან მეგობრობა ვისწავლე?!
იცი, ჩემო, მიტევებაც დავისახე იმ ერთად...
ახლა, წვიმას ჩამოცლიან ეს ღრუბლებიც, ვიშ!- წავლენ
და მე ისევ მარტო ვრჩები ჩემი კალმის იმედად...
ალბათ, მედდა, ახლა ამცნობს: ,,იბადება ქალი-მზე!"
ალბათ, მამა მედდას- მაცნედ ხუთ-მანეთად ,,ქირაობს"...
ალბათ, ციცქნა ნერუ ტირის მშობიარის კივილზე...
(როგორც, ახლა, დღე- უშენოდ... და იკიდებს კვირა ობს...)
ალბათ, ცაში ტრიალებდა სალიარკის სურნელი...
ალბათ, იმ წელს, როგორც ახლა, ბარბარობის დღე იდგა...
თოვლი იდო... (იცი, რომ თოვლს, როგორც ბავშვი- სულ ველი?!)
იცი, ათვლას, ახალი წლის, რომ მე ვიწყებ დღეიდან?!"-
ნერუ, ჩემო, ვეღარ...- ვეღარ ვიმორჩილებ ამ ხელებს-
ცივა! ვწვები, ვაქრობ სანთლებს! (იზიდავენ, ო, მწერებს...)
ალბათ, დილით, ამ თეთრ ღამეს უპეები ამხელენ...
ნერუ, ჩემო მეგობარო, საიმედო მომწერე!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი