,,ალტერ ეგო"
მარადმწვანე ბადიანი...
ქოხს შინ- ორი:
მე და ჩემი ,,ალტერ ეგო"...
რა დილაა!
მაგიდაზე- ფორმატები... ,,კოჰინორი"...
და ,,ას ექვსზე" მომართული რადიოლა
აფრქვევს ჰანგებს: ,,ჭერს ნუ ახდი, ნუ, სახლს ქარო!
ნუ დაამსხვრევ გადაქცეულ ღობეს, შორებს..."
ჩემში, ეგო,- შიშველი და უსახლკარო,
ჰგავს დუმფარებს შეფარებულ გომბეშოებს!
რადიოლა უკრავს მშვიდად... ძალზედ მშვიდად
და შეგრძნება ,,ალტერ ეგოს", ალბათ,- შური!
შურს სიმშვიდე და იმსხვრევა მსგავსად,- (შვიდად...)
გამჭვარტლული, ძველი ლამფის აბაჟურის!
გავექეცი. ქოხმა კარი მიხურა და
ორი მილი ფეხაკრებით გავიარე.
ჩიხებიდან ,,ალტერ ეგო" მიყურებდა...
მიყურებდა, ვით საშიში გავიალი.
ხითხითებდა...
ქუდს იხდიდა: ,,კაი ,,სალამ"! "
(დაღმართები... აღმართები...და აღმართი...)
გონებაში ჭრელი დაფა გაიშალა!-
როქი...- როქი... ლაზიერი... და შახ- მატი!
არის!
(ყველგან თოვლი... თოვლი... თუმცა, არ თოვს!
ალბათ, ყინვას აფარებენ თავს- შიფერს და
მე სახლს, ჩემს სახლს ვუბრუნდები, უკვე, მარტო!-)
მოვიშორე ,,ალტერ ეგო"!
ტაში...
ფარდა...
დავითხოვე ხასიათი- ოხ!- მინორი!
მაჟორები კი არ თოვენ,- ბარდნიან- ვის
არ მოხიბლავს თაბახები... ,,კოჰინორი"...
და ფანჯრიდან- მარადმწვანე ბადიანი.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი