ალუბლების სეზონზე
ვზივარ...
ჰო, მხრებს ვიჩეჩავ...-
(მხრებმა თვალი მოჰკრეს ფთილს,-
ჩანს, ღრუბლებში მომწყვდეულს, სადღაც, წელი უჩანს მზეს...)
რად გინდოდა...- ჰა, რისთვის,- იმ ალუბლებს, რომ ჰკრეფდი?!
ან, მე, რად ჩავიარე- ალუბლების ქუჩაზე...
ივნისია...
ავად ვარ...
(ჰე, მომხედავს, ვინ, ბეჩავს...)
ქუჩას რად ავუყევი, გადამევლო ეზოზე!
ცეცხლს ვუკიდებ,- ვეწევი...
ვზივარ...
და მხრებს ვიჩეჩავ-
ნეტავ, სულ არ მენახე ალუბლების
სეზონზე!
ვიფიქრებდი?-
იქნება, მერე და რა ამბები...-
გაღიმება, ის ერთი, შემიცვლიდა აგრე ნირს?!
გარეთ საღამოვდება- მსხვილდებიან რამპები
და მე ისე ვილევი, როგორც ტყავი, შაგრენის-
ალუბლისფერ კაბაში...
(-ოჰო! აფერუმ არის!)
ალუბლისფერ კაბაში ემსგავსები მიმქრალ მზეს...
სარკის წინ ხარ, უხამებ ფატას და ფერ-უმარილს...
გადავწყვიტე!-
ივნისში ვქორწინდები იმ ქალზე!
ვზივარ...
ვწვალობ...
ვფანტავ ფიქრს-
ვიგერიებ ჯარს და მწერს...
ვაგებ კოშკებს, ოცნების,- სახეს სწვდება ალი, ცის...
ჰოდა, ველი ალუბლებს- იმ სეზონზე ჯვარს დამწერს...
ღმერთო ჩემო,
აბატმა ჩემი გვარი არ იცის!
რად გინდოდა...
ჰა?
რისთვის...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი