წერილი ნერუს
უკვე ისე, ისე მომენატრე, ნერუ, (,,მუხა ბაჩე"... ნაფაზი- ვით ღრმა ცა... თაბახები...) ო, მე მათრევს დარდი- დაღრეჯილი ნაგაზივით! (ქარი, როგორც ნაზი შიფონი და წვიმა- ცივი ზამთრის სერენადა... ტანდემ!) ყველა ნატვრა ,,შინ" მოვიდა, (გარეთ ჩოჩქოლი და ,,სირენა"... და აზრი პიჯაკივით მიაკიდა ფიქრმა,- შემომაწყდა...) ჰე, ჩემო ნინ... შალე, საკვამურის თრიაქი და ღვინო, კარაბები და ჩვენ ორნი...- სულ ეს... (გვეყოფოდა, ვიცი, ო, დებს...) ჯარი- ხმელთა, ჯოხი- კაპიანიც...- ხურმის მოსაპარად მივდიოდეთ- შენ- მე... (შარვლიან- და კაბიანი...) როგორ მომენატრე მეგობარო! ახლა, წამით გაჩნდე და რა მინდა... თუნდაც, რომ გისმენდე, მე, უბარი, შუაზედ გაკეცილი დარაბიდან... თუნდაც, წვიმდეს, ისევ და როს ავდრებს, მძაფრი ობის სუნი ასდიოდეს... დაე, დღენი სულ არ დამლოცავდეს! თუგინდ, დამლოცავდეს, ასიოდე... (ოჰო!) გავიწერე... შეხეთ, რამდენს... (მსურდა, მეთქვა რამე, მაგალითად...) ნერუ, მეგობარო, შეხვედრამდე! (ცრემლი თაბახებზე- მარგალიტად...) ისევ წვიმებია... ამ ცის მირონს სახეს მივუშვერდი- მერგო ,,ფარად"... როგორ მომენატრე იცი, ნინო? როგორ მომენატრე, მეგობარო... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი