აღსარება
სქელ-ფარდებივით ჩამოვყარე ქუთუთოები.
უკვე მარტია-
გავიფიქრე,-
მაშასადამე,
ნელ-ნელა ყდისკენ აწყდებიან კუტი თვეები,
ნელ-ნელა ბოლო მოგვეღება მასას- ადამის.
დღეს ჩემი სული, ცარიელი, გემბანს აბია...
სიბნელის მსგავსი,
სად ომია, გადის დღე ყაბულს?!
სად ,,შემპყრობელი" შემოაჭდობს ემბაზს, აბიანს,
ჩამომხმარ თითებს,- სანთლებისგან გადინდგელებულს!
და სამშვინველი ისე ღმუის, რომ ვგონებ შია!
ო, ისე ყმუის, ვით უხორცოდ სამტრე ტურები...
როგორც სხეული, რომელ- ძვლების ბოქლომებშია,
როგორც უმტრედოდ დარჩენილი სამტრედურები.
ან, თუნდ ღრუბელი,- როს ჭკუაზე ივლის სიოსი,
როს მალვით სულებს ამოხდიან მზე-დაპირებით...
და ჩემთვის რჩება ერთადერთი ივლისიოსი-
დღე უარაფრო, ვით არს ზღვების ზედაპირები...
ო, მეზიზღება მე ღრუბელთა იალტიალი!
მსგავსი სიკვდილი...-
რა გაიტანს თან ამდენ ცხედრებს...
ფიქრს, აპათია, წლებმა დაღად მიატიალა,
როგორც ჭრილობა- ომის შემდეგ თანამეცხედრე.
მძაგს,-
დროთა მსგავსად გამუდმებით,
ო, მე ვარ ცვლაში!
არ მომგვრის შვებას,
ცოტაოდენს...
ნუთუ, დროებით...-
ცოდვა- ცამეტი, ჩატეული 14 მარცვალში...
თუნდ ფარდის მსგავსად
დაშვებული ქუთუთოები...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი